ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში აგრობიზნესში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

პროგრამა „ინოვაცია და ეფექტურობა აგრობიზნესში” (Agribusiness: Innovation and Efficiency) ითვალისწინებს 18 სპეციალისტის უფასო სწავლებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან; მათ შორისაა, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. 
„საბიტი“ შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ სფეროში არსებულ რეგულაციებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და მომსახურებას, დაამყარონ კავშირები მომავალი საქმიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე მიიღონ ცოდნა საბაზრო ბიზნესის მეთოდებზე“, – აღნიშნულია პროგრამაში.
სამკვირიანი ჯგუფური სტაჟირების დროს მონაწილეები დაესწრებიან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას Farm Progress Show, სასწავლო პროგრამაშია შესულია საკითხები ნორმატივებზე, კანონმდებლობაზე, ბიზნესგეგმების შედგენაზე, კულტურათაშორის კომუნიკაციებსა და მოლაპარაკებებზე, აგრეთვე ბიზნესის მართვაზე. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრობიზნესის ცალკეულ სფეროებში მოღვაწეობენ და შეხვდებიან დარგის სპეციალისტებს. 
„პროგრამის მსვლელობისას განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა, აგროქიმიკატები, მემცენარეობა, მეცხოველეობა, გადამუშავება, პროდუქციის მარკეტინგი, დისტრიბუცია და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს პროგრამაში მონაწილეების კიევიდან, მოსკოვიდან ან სტამბულიდან ფრენის, საცხოვრებელი და კვების, სწავლების, თარჯიმნების მომსახურებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს, ამასთანავე, სტიპენდიას 400 აშშ დოლარის მოცულობით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს აგროსფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და იკავებდნენ საპასუხისმგებლო პოზიციას კომპანიებში, გარდა ამისა, თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ, ან რუსულ ენას. სასურველ კანდიდატებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეარჩევს. 
ანკეტების შევსების ბოლო ვადაა 9 ივნისი. სწავლება 19 აგვისტოს იწყება და 9 სექტემბრამდე გრძელდება. SABIT-ის ფარგლებში აქამდე სტაჟირება ევრაზიის, სამხრეთ აზიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 6 ათასმა მენეჯერმა გაიარა.
ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს.