უცხოელებს მიწის ყიდვა დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში შეეძლებათ
არსებული რედაქციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.
,,ორგანული კანონით, როგორი შეზღუდვაც არ უნდა დაადგინო უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იტყვის, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე რომ ყოველგვარი აკრძალვისა და შეზღუდვის გარეშე გაიყიდოს მიწა, შესაძლებელია, დიდი ნაწილი მიწისა აღმოჩნდეს არაქართული მოქალაქეების ხელში და ამან შეიძლება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო ჩანაწერს ვცვლით,” – აღნიშნა თელავში საკონსტიტუციო განხილვაზე მამუკა მდინარაძემ.
არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
,,ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ეჭვის ქვეშ დადგა მიწების პრივატიზების საფუძვლის კანონიერება. მოვითხოვთ ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების კანონიერების შესწავლას, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენს მიწას სჭირდება დაცვა და გადარჩენა, რათა მომავალი თაობა არ დარჩეს მიწის გარეშე. ქართული მიწის დაცვისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს,’’– განაცხადა knews.ge-სთან ფერმერ ქალთა ასოციაციის დირექტორმა ირინე ფხოველიშვილმა.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.
,,მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია”, – განმარტავს ყვარელში ჟურნალისტებთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ დღეისათვის უცხოელი მიწას ხშირ შემთხვევაში იმ მიზნით ყიდულობს, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღოს, ამიტომ მათ მიერ შეძენილი არაერთი მიწაა დაუმუშავებელი.