სტატიები

,,ძველი კახეთი” ჩინეთსა და რუსეთში ექსპორტზე გავიდა

კომპანიის კახური ტრადიციული მეღვინეობის ხელმძღვანელის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, კომპანიამ პროდუქცია ჩინურ ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიტანა. მისივე განცხადებით, პროდუქციას აქვს პოტენციალი ჩინურ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიკავოს.
,,ჩვენი მიზანია, ქართულმა კონიაკმა ჩინურ ბაზარზე ფეხი მოიკიდოს, რისი პოტენციალიც პროდუქციას გააჩნია. ამას ხელს შეუწყობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”, – განუცხადა knews.ge–ს ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის და მომხმარებლის მხრიდან მის მიმართ ინტერესიც გაიზრდება. 
,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თავისუფალი ვაჭრობიდან გამომდინარე ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნელ-ნელა ფეხს მოიკიდებს”, – ამბობს ჩხაიძე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ რუსეთში იმპორტირებული კონიაკის მოცულობაში ქართული კონიაკის განმსაზღვრელი წილის ფლობის მიზეზია ქართული კომპანიების სწორი მუშაობა, მენეჯმენტი, ფასი და ხარისხი. 
,,საფასო სეგმენტი დაბალია, თუმცა ხარისხი მაღალია. კონიაკმა როგორც ფასით, ისე ხარისხით დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც რუს მომხმარებელს აქვს. როდესაც ჩვენ რუსეთის ბაზარზე დავბრუნდით, ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და შესაბამისად, ქართულ კონიაკზე ახლა უფრო მაღალი მოთხოვნაა, ვიდრე წარსულში“, – აცხადებს ჩხაიძე. 
კომპანია წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს.
,,ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის საცდელი ქარხანა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე ვმუშაობთ აქტიურად და ჩინეთში ამ ეტაპზე, 6 კონტრაქტორი გვყავს, ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად ამ მიმართულებით”, – აღნიშნავს ბიზნესმენი.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის წარმოება გაიზარდა. 
,,გამოფენებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა ფიქრისრდება, მაგალითად, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე – The 96th China Food & Drinks Fair, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა, სადაც 250 ათასი ადამიანი დაფიქსირდა”, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძე.
ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ საბაჟო ტარიფებზე საუბრობს . ღაღანიძე განმარტავს, რომ ორ ქვეყანას შორის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და საბაჟო ტარიფები ისედაც არ იყო ძალიან მაღალი. 
,,ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გამოცდილება, თუმცა ამას საექსპორტო ბუმი არ მოჰყოლია. თავისთავად ფაქტი, რომ ჩინეთთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ჩინური კომპანიებისთვის საინტერესო უნდა იყოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი დაშვება ევროკავშირის ბაზარზე. ამ ხელშეკრულებით მეტ სიკეთეს მიიღებს ის ქვეყანა, რომელსაც პატარა შიდა ბაზარი აქვს. შესაბამისად, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნება”, – განმარტავს ექსპერტი.