სტატიები

საარჩევნო ბლოკების გაუქმება – საარჩევნო გარემოს გაუარესების საფრთხე

მმართველი გუნდი აღნიშნულ ინიციატივას პარტიების განვითარებისა და გაძლიერების ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს. ოპოზიცია და მესამე სექტორი კი მიიჩნევს, რომ ბლოკების გაუქმება პოლიტიკურ პლურალიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. 

დემოკტრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ საარჩევნო ბლოკების გაუქმება საარჩევნო გარემოს გააუარესებს. გიორგი ახვლედიანის მოსაზრებით, ხელისუფლებას ეშენია ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხებს. ახვლედიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. 

„ქვეყანაში ყველა ხელისუფლება მოვიდა ბლოკით. ყველა ხელისუფლება დაამარცხა ბლოკმა. ქართულ ოცნებას ეშინია იმისა, რომ შეიქმნება ახალი კოალიცია, ბლოკი, რომელიც მას ხელისუფლებას ჩამოაშორებს. ბლოკების განადგურება არის პარტიების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია ბლოკები, ან ძალიან დაბლია გადასალახი ბარიერი ან არ არის საარჩევნო ბარიერი. პარტიებს, რომლებსაც გაერთიანების საშუალება არ ექნებათ, ფაქტობრივად ვანადგურებთ. ეს გამოიწვევს იმას, რომ პროცესები ქუჩაში გადავა“, – განუცახდა knews.ge-ს გიორგი ახვლედიანმა. 

მესამე სექტრი ცალსახად უარყოფითად აფასებს ხელისუფლების ინიციატივას. საერთაშორისო გამჭვირვალობაში საარჩევნო ბლოკების გაუქმებას რადიკალურ ცვლილებად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე, მიუთითებენ, რომ საარჩევნო ბლოკებს ძირითადად ქმნიან მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებით არის მიზნით, რაც ცალსახად ნეგატიური ფაქტია.

„მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს და არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებულად მიუღებელი იქნება ეს ნაბიჯი თუ შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და დამტკიცდება მანდატების განაწილების შემოთავაზებული წესი. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში საარჩევნო ბლოკების შექმნა მხოლოდ ფინანსური ან სხვა მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღებით არის გამოწვეული, რაც ცალსახად უარყოფითი ფაქტია. აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და არალეგიტიმური მანიპულაციების გამოსარიცხად, უმჯობესია, ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის კანონმდებლობაში. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი მხრივ პარტიები ორიენტირებული არ იქნებიან ბლოკის შექმნაზე ფინანსური სარგებლის ინტერესით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, თუ პარტიები გადაწყვეტენ მაინც შექმნან ბლოკი, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ პოლიტიკური და არჩევნებში გამარჯვების ინტერესით. ასეთ შემთხვევაში კი, საარჩევნო ბლოკის შექმნა გამართლებულია“, – განუცახდა knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტმა გიგი ჩიხლაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ირწმუნებიან, რომ კონსტიტუციაში მოსალოდნელი აღნიშნული ცვლილება პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. თელავის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მიუთითებს ევროპის ქვეყნებში არსებულ საარჩევნო სისტემაზე, სადაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. 

„არ ვფიქრობ, რომ ბლოკების გაუქმებით დემოკრატიული პრინციპები ირღვევა. მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირში, ძალიანძლიერ დემოკრატიულ ქვეყნებში ამის სერიოზული პრაქტიკაა, რომელის უკან დგას პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესები. ევროპაში უმტესწილად არის პრაქტიკა, რომ პარტიები ცალკე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და შემდგომ პარლამენტში ან მათავრობაში მოსვლის შემდეგ აყალიბებენ ბლოკებს. ქვეყანაში 250-ზე მეტი პარტიაა, რაც არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ქმნის. ჩვენ უნდა წავიდეთ სტაბილურობისკენ. დემოკტარიის მდგრადობა, სტაბილურობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მითუმეტეს არსებული საფრთხეების თუ გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში არის პარტიები, რომელთა სახელიც კი არ ვიცით და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანია წევრი“, – აღნიშნავს knews.ge-თან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.