სტატიები

NDI – გამოკითხულთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა

კითხვაზე უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28% აცხადებს, რომ „არა“, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. თელავში მოსახლეობის ნაწილს არსებული მაჟორიტარული სისტემა მოწონს, სხვა ნაწილი კი knews.ge-სთან განმარტავს, რომ სისტემა ძირეულად შესაცვლელია, ზოგს კი საკითხი არ აინტერესებს.

,,მაჟორიტარი დეპუტატი ფუნქციები საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. მეტიც, რეგიონის მოსახლეობის ნაწილმა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მაჟორიტარის ბიუროს არსებობა გამართლებულია. დეპუტატებმა უნდა იზრუნონ, რომ თავიანთ ქალაქებში მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალონ, მოსახლეობა კიდევ უნდა გააქტიურდეს და ჩერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – ამბობს თემო ლალიაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალურად ძლიერად იყვნენ წარმოდგენილნი. 

,,ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა – ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს – საარჩევნო სისტემა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება. საბოლოოდ, საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები. ამის მთავარი ინსტრუმენტი არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”, – ამბობს knews.ge-სთან კობახიძე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. მიიჩნევს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. 

,,წლების მანძილზე ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაუქმებულიყო ეს მანკიერი მაჟორიტარული სისტემა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ეს არის ძალა, რომელიც ხელოვნურად ქმნის უმრავლესობას. არცერთ ქვეყანაში, სადაც ერთპალატიანი პარლამენტია, როგორც ჩვენთან, მაჟორიტარული სისტემა არ მუშაობს. თუ ეს მანკიერი და ხარვეზით სავსე სისტემა გაუქმდება, ოპოზიციის როლი გაიზრდება“, – განუცხადა knews.ge-ს ვარდოშვილმა.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა მნიშვნელოვნად არღვევს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს.

,,სისტემა არც დემოკრატიულია და არც წარმომადგენლობითი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მაჟორიტარებად ძალიან იშვიათად წარადგენენ ქალებს. ეს სისტემა ქალებისთვის არის ჩაკეტილი წრე და არადემოკრატიული,“– განუცხადა Knews.ge-ს კავშირ ,,საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.