წელს შესაძლოა ყურძნის ფასი გაიზარდოს
,,მაგალითისთვის, გურჯაანში მდებარე ,,ბოლერო და კომპანია“ 8 მილიონი ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს. ამის შემდეგ ქარხანა 34 ათასი ტონა ყურძენს მიიღებს. ექსპორტს კი ისეთ ქვეყნებში ახორციელებს, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ისრაელი. წელს ამატებენ საფრანგეთს, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. რაც მეტად ხარისხიანია ესა თუ ის პროდუქცია, მით მეტია მოთხოვნა ნებისმერი სახის პროდუქტზე”, – განმარტავს დავითაშვილი.
კახელი მევენახეები ყურძენზე ფასის მომატებას წლებია უშედეგოთ ითხოვენ. ამბობენ, რომ მათთვის ყურძნის ბიზნესი წლებია წამგებიანია.
,,ყურძენი ჩემს ოჯახს ოდითგან მოყავს, მეც გავაგრძელე ტრადიცია. ბოლო რამდენიმე წელია აღარ ღირს ყურძნის წარმოება, ხშირად მიფიქრია სხვა კულტურების მოყვანა. ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემა იყო, ხან რიგში გვიწევს დგომა, ლოდინი, შემდეგ ფუჭდება ყურძენი. ამის გარდა, ყურძენი ძალიან იაფია და ხშირად გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს. ამასთან, თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს და მოყავთ ის ჯიშები, რომლისგანაც სასურველ ღვინოს ამზადებენ. გარდა ფასისა, პესტიციდები ძალიან ძვირია და თანაც უხარისხო, გასულ წელსაც ბევრს გაუფუჭდა ვენახი. უნდა გაიზარდოს ყურძნის ფასი რომ გლეხის შრომას ფასი დაედოს და სოფელიც არ დაიცალოს. თუ ხილის გასაღების ბაზრები მეტი იქნება, მისი ფასიც მოიმატებს, ჩვენს შრომასაც მიეცემა აზრი და მევენახე ყურძნისა და ღვინის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებს. მე, ყურძნის დაწურვას ჩაბარებას ვამჯობინებ”, – განაცხადა knews.ge-სთან ვანო ოთარაშვილმა.
გასულ წელს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი სუბსიდიის ფასი 80 თეთრი, ხოლო საფერავი 1 ლარი ღირდა. მევენახე მიშა ეგიდუნაშვილისთვის ეს ფასები მისაღებია და ამბობს, რომ კმაყოფილია.
,,2016 წლის ფასები წინა წლებთან შედარებით განსხვავდებოდა. გასულ წელს იყო მითქმა-მოთქმა, რომ ყურძნის ფასი დაიკლებდა და სუბსიდირებაც აღარ იქნებოდა, მაგრამ იგივე დარჩა. იმედია, წელსაც გაგრძელდება სუბსიდირება”, – ამბობს knews.ge-სთან მიშა ეგიდუნაშვილი.
რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებულია.
,,კონკრეტულად რა ფორმით, რამდენი და როგორ მოხდება სუბსიდირება დამოკიდებულია კონკრეტულად შესაბამის პერიოდში არსებულ კონიუნქტურაზე,” – განაცხადა მინისტრმა.
დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დარგის სუბსიდირება იმ ფორმით, როგორც არის, მიუღებელია. მათივე შეფასებით, რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახე სახელმწიფოზე დამოკიდებული გახდა.
,,სუბსიდირება აზარმაცებს მევენახეებს. ამ სახით არუნდა გაიცემოდეს სუბსიდია. უნდა შეცვალოს სახელმწიფომ მიდგომა რომ დარგი პოპულარულიც გახდეს და მომგებიანიც”, – განმარტავენ ექსპერტები.
მთავრობამ მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. უწყების გადაწყვეტილებით, პროგრამაში “მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა” მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ, სარგებელი მიიღონ არამხოლოდ ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდანაც. ახალ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 20 და მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი.
,,20 ჰექტარ ვენახში გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის/რაჭული თეთრა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
კახეთში ამ ეტაპზე, 22.227 ჰექტარი ვენახია გაშენებული. 2013-2014 წლებში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 და 2014 წელს დაფიქსირდა.