სტატიები

სოფელ ახაშენში ნატურალური წვენების საწარმო გაიხსნება

შპს ,,როშე“ სოფელში 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კომპანიამ სოფელში მდებარე ძველი შენობისა და მასზე მიმაგრებული მიწის შესყიდვის თხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, ქონების პრივატიზაცია ელექტრონულ აუქციონზე განხორციელდება.

კომპანია ,,როშეს“ წარმომადგენელი ქეთევან ადეიშვილი აცხადებს, რომ საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. მისივე ინფორმაციით, საწარმოს გახსნის შემდეგ 15 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან იყიდიან.
,,სურვილი გვაქვს, რომ შევიძინოთ გურჯაანში გამგეობის ბალანსზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სადაც ვგეგმავთ ხილის ნატურალური წვენების თანამედროვე საწარმოს მშენებლობას, რაც გულისხმობს დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას სოფელში. მშენებლობის პროცესში დასაქმდებიან ადგილობრივები, დაახლოებით 20–30 ადამიანი, ხოლო კომპანიის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საწარმოო პროცესში მუდმივი სამუშაოთი დასაქმდება 10–15 ადამიანი. აღნიშნული პროექტი ადგილობრივებისთვის სხვა მხრივაც დადებითი იქნება იმიტომ, რომ შესაბამისი ხარისხის შემთხვევაში ხილს მათგან შევიძენთ. გეგმის მიხედვით საწარმოს ასაშენებლად და ინვესტიციის განსახორციელებლად 2 წელი დაგვჭირდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ქეთევან ადეიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო მიწის და მასზე არსებული ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის შესყიდვის თხოვნით კომპანიამ საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა. საკრებულოში აცხადებენ, რომ საკითხს წარმომადგენჯლობითი ორგანოს სხდომაზე ეყარა კენჭი და დეპუტატების გადაწყვეტილებით, ქონება გასაყიდად გავა ელექტრონულ აუქციონზე, რომელში მონაწილეობაც სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ. 
,,ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა-მონტაჟისათვის, ქონების პრივატიზებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 2 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ვინაიდან გურჯაანში მეხილეობა არის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი, მსგავსი ინვესტიციების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია რაიონის განვითარებისათვის’’, – განუცხადა knews.ge-ს საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ხაზიურმა. 
სოფელში საწარმოს გახსნის იდეას ადგილობრივი ფერმერები დადებითად აფასებენ. ახაშნელები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ხილის რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ხშირად გადაყრა უწევთ. მათივე თქმით, ხილის საწარმოს გახსნის შემთხვევაში მოყვანილი მოსავლის ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ.
,,კარგი იქნება თუ მარტო იდეად არ დარჩა და მართლა გაიხსნება. ატამი და სხვა ბევრი სახეობის ხილი მოგვყავს და ვერ ვყიდით, გვილპება და ვყრით ხოლმე. თუ საწარმო გაიხსნება და ადგილობრივებისგან ჩაიბარბენ ხილს, სოფელში შემოსავლის წყარო გაჩნდება და ჩვენთვისაც სტიმული იქნება, რომ უფრო მეტი ხილი მოვიყვანოთ’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ბონდო ჯაჭვაძემ.