კახეთში ფერმერებისთვის საინფორმაციო ცენტრების არეალი ფართოვდება
ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე knews.ge-სთან საუბრისას სფეროში არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საინფორმაციო ცენტრები რეგიონში სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.
,,ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შექმნან ევროკავშირის ბაზრის თავსებადი პროდუქცია. ვთვლით, რომ რეგიონებში ადგილობრივი ცენტრების მუშაობა უნდა გააქტიურდეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ გვინდა, რომ ადგილზე იყვნენ სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც, რათა ფერმერებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ. გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ შექმნან ევროკავშირის ბაზრის თავსებადი პროდუქცია,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ინფორმაციის ნაკლებობაზე დარგის ექსპერტებთან ერთად საუბრობენ ფერმერები და მევენახეებიც. ისინი აცხადებენ, რომ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ბევრი ღონისძიებაა ჩასატარებელი.
,,ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვშრომობთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები, არც სიახლეების შესახებ ვფლობთ არაფერს თუ შემთხვევით არ მოვისმინეთ ვინმესგან. ვინმე რომ მოვიდეს და რამე გვასწავლოს და იზრუნონ ჩვენზე, არ ხდება. ვერც ევროპის ბაზარზე გავიტანთ ვერაფერს, აქ ვერ იყიდება გლეხის მოყვანილი და ევროპაში ვინ გაგავატანინებს. ეგ ისევ დიდი კომპანიებსთვის არის, მათთვის, ვისაც ფული აქვს. ჩვენ როგორ შევქმნით ცოდნისა და ფულის გარეშე ევროპის ბაზრებისთვის მისაღებ პროდუქციას?“, – აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.