სტატიები

თუშეთს ინტერნეტი 2017 წლის ივლისიდან მიეწოდება

მემორანდუმი, რომელიც თუშეთის სოფლების მოსახლეობისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმომწერები არიან: საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია; შპს ფრინეტი; ინტერნეტის განვითარების ინიციატივა; ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობა და ტექნოლოგიების ექსპერტი – კონსტანტინე სტალინსკი. 
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის, უჩა სეთური ამბობს, რომ ინტერნეტი თუშეთის ოცამდე სოფელში, მათ შორის, დართლოში, დიკლოში, შენაქოში, ომალოში, ზემო ომალოში, ბოჭორნაში, ხახაბოში, დანოსა და დოჭუში ჩაირთვება. მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ინტერნეტი ექნება იმ სოფლებს, სადაც უფრო მეტი ადამიანია დასახლებული და გამოიღცევა საოჯახო სასტუმროების სიმრავლით. თუშეთში რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო სტრატეგიით ოპტიკური ქსელის მშენებლობა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
“წოვათის ხეობის გარდა, ინტერნეტით დაფარული იქნება ყველა ის სოფელი, სადაც მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობაა დასახლებული. ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტის მიწოდება იმ სოფლებისათვის, სადაც არ იჭერს მობილური ტელეფონი. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ე.წ. „საჰაერო” (Air Fiber), იგივე რადიოქსელის გამოყენებას. ველოდებით, რომ სამანქანო გზა გაიხსნას. მაისის ბოლოს ტექნიკას თუშეთში ავიტანთ და შესაბამის სამუშაოებსაც დავიწყებთ”, – განუცხადა Knews.ge–ს უჩა სეთურმა. 
მისივე ინფორმაციით, თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა, რომელმაც 40 ათასი დოლარი გამოყო. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, ინტერნეტის ღირებულება იქნება ისეთივე, რაც თელავშია. 
„მიუხედავად დაშორებისა, საბაზისო პაკეტი დაახლოებით 30 ლარამდე ეღირება. მისი ფასი იქნება ის, რაც თელავშია. დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ თელავში ადგილობრივი ოპერატორი “ფრინეტი”, პრაქტიკულად, უსასყიდლოდ გვაძლევს ანძაზე ადგილს, ელექტროენერგიას, ლოკაციის ფართსა და ტექნოლოგიურ კონსულტაციას“, – ამბობს უჩა სეთური.
გიორგი აბულაძე სოფელ ომალოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ალაზნისპირეთის” მარკეტინგის მენეჯერია. მას პერიოდულად სოფლის დატოვება მაინც უწევს. ის თუშეთის სოფლებისათვის ინტერნეტის მიწოდებას წინ ფასებს ნაბიჯად აფასებს და იმოდოვნებს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ბიზნესსაქმიანობის განვითარებას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს და მოსახლეობა კი მთაში საცხოვრებლად თანდათან დაბრუნდება. 
“თუშეთის ინტერნეტიზაცია ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ფერმა სოფლიდან 15 კმ-ით მოშორებულია. იქ ტელეფონიც არ იჭერს და ინტერნეტის მეშვეობით კომუნიკაცია გამარტივდება“, – ამბობს გიორგი აბულაძე. 
აბონენტები, რომლებიც ისარგებლებენ ინტერნეტით, ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. უჩა სეთურის ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილე სასტუმროები რამდენიმე თვის განმავლობასი უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ. 
სასტუმროებსა და გესთჰაუზებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ, ინოვაციების სააგენტო ინტერნეტით სარგებლობისთვის 150 ლარიან ვაუჩერებს საჩუქრად დაურიგებს. შესაბამისად მათ რამდენიმე თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტი ექნებათ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. “ჰაიკერები”, რომლებიც კემპინგებში რჩებიან. მათთვის სავარაუდოდ ამოქმედდება დაბალსიჩქარიანი ინტერნეტ-პაკეტი, რომლის ღირებულება დღეში 2–3 ლარი იქნება“, – ამბობს სეთური. 
თუშეთის თემში შედის 54 სოფელი, საიდანაც 48 დასახლებულია. არის ისეთი სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. მაღალმთიან დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთი რაიონული ცენტრიდან მოწყვეტილია.