სტატიები

შრომითი ინსპექციის როლი უნდა გაიზარდოს – თელავში აქცია გაიმართება

,,პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. მშრომელთა უფლებები მუდმივად და მასიურად ირღვევა. 2011-2016 წლებში 1050 ადამიანი დაშავდა და დაიღუპა სამუშაო ადგილებზე. შრომის ინსპექცია მხოლოდ სიმბოლურად არსებობს”, – აცხადებენ knews.ge-სთან აქციის ორგანიზატორები.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს ქმედით შრომის ინსპექციას, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულების შრომითი პირობები და გამოსცეს საჯარო და შესასრულებლად სავალდებულო დასკვნები.

,,ჩვენ გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე შრომის ისნპექცია, რადგან ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებულია”, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე განმარტებით, შრომის ინსპექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქალთა სპეციფიურ საჭირობებს და შეისწავლოს: ორსულობის, მშობიარობის, დედობით და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტები. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები, ასევე, ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასებს შორის 36% განსხვავების მიზეზები, და ბოლოს, სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა.

შრომითი ინსპექციის არაეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროექტის კოორდინატორი თამარ ჭუბაბრია და მიიჩნევს, რომ ინსპექციის როლი უნდა გაიზარდოს, რაც გამოიხატება უპირობო დაშვების მანდატით.

,,2014-2016 წლებში ასოცირების დღის წესრიგში დადგა შრომითი ინსპექციის ეფექტური მუშაობისა და მედიაციის მექანიზმების გაძლიერების საკითხები. რეკომენდაციები ორგანიზაციების მხრიდან შეეხება იმას, რომ შრომის ინსპექცია დასაქმების ადგილებზე უნდა აღიჭურვოს უპირობო დაშვების მანდატით. დარღვევების შემთხვევაში უნდა იყოს სანქცირების საშუალება. შრომითი ინსპექციის მანდატის უფლებამოსილება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, არამედ შრომის სხვა უფლებებსა და პირობებზე. წელს გაცემულია დაპირება, რომ შრომის ინსპექცია აღიჭურვება უპირობო დაშვებით დასაქმების ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ჭუბაბრია.

მისივე განცხადებით, დღეს შრომის ინსპექციამ უნდა მოიპოვოს უფლება დამსაქმებლისგან, რომ განახორციელოს მონიტორინგი დასაქმების ადგილზე, თუ რომელიმე თანამშრომელმა მოითხოვა ინსპექტირება ორგანიზაციაში.

,,უპირობო მანდატი ნიშნავს, რომ რეფორმის შემდეგ აღარ იქნება საჭირო დამსაქმებლის თანხმობა და ჩატარდება მონიტორინგი, ინსექტირება მოთხოვნის საფუძველზე”, – განმარტავს ჭუბაბრია.

შრომითი უფლებების დაცვის შესახებ აქცია გაიმართება თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

კამპანიას მხარს უჭერს “ქალთა ფონდი საქართველოში”.