გენდერული საუბრები თელავის უნივერსიტეტში
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ამ მიმართულებით საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ აერთიანებს საქართველოს 10 რეგიონს და ამ ქსელის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიმართულებაა გენდერული საუბრები, რომლებიც ახალგარდებთან ერთად ტარდება. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან იმით არის გამორჩეული, რომ ისინი არიან ძალიან აქტიურები. მათ სურთ, რომ ბევრი რამ ისწავლონ“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა.
მართალია, ქალების როლი თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულ¬ტურულ და სოციალურ ცხოვრე¬ბაში იზრდება, თუმცა დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, მათ არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სიფრაშვილი დამკვიდრებულ სტერეოტიპს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლობის ფუნქცია არ არის მხოლოდ რეპროდუქცია და ოჯახის მოვლა.
„ქალიც შეიძლება იყოს კარგი მძროლი, პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა ნებისმიერ სფეროში ქალები შესაძლოა იყვნენ წარმატებულები და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. არასწორია მიდგომა, რომ ქალი ვიცი მხოლოდ კუხნაში“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ სიფრაშვილმა.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს სამოქალაქო ცნობიერების პრობლემას უკავშირებს თესაუს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი გიორგი თანდილაშვილი და ქალების როლის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ჩემი აზრით, დღევანდელ ახალგაზრდას არ უნდა სჭირდებოდეს განმარტება, თუ რა არის გენდერული თანასწორობა. მსგავსი შეხვდრები მნიშვნელოვანია და უფრო მეტი შედეგის მომცემი იქნება. ეს აქტუალური საკითხია, რადგან მედია საშუალებები ხშირად აშუქებენ ოჯახური ძალადობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ეს ფატალური შედეგით მთავრდება. ეს ჩვენი საზოგადოების შავი ლაქაა. აუცილებელია ახალგაზრდებში აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება“, – ამბობს knews.ge-თან საუბრისას გიორგი თანდილაშვილი.
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს თელავის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი ნინო პაატაშვილიც. ის ფიქრობს, რომ გენედრული თანასწორობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების წინაპირობაა.
„მიუხედავად იმისა რომ საქართველოს არის ევროპული ოჯახის წევრი, კვლავ დგას იმის საჭიროება, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა არის გენდერული თანასწორობა, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ საზოგადოების ცნობიერება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით თანდათან შეიცვალოს“, – აღნიშნავს knews.ge-თან საუბრისას ნინო პაატაშვილი.
გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე ამახვილებს ყურდღებას თესაუს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. ლაურა კუტუბიძის მოსაზრებით, მედიის ფუნქცია გენდერული თანასწორობის საკითხების სწორი აქცენტებით გაშუქებაა.
„თანასწორობა გულისხმობს არა იმას, რომ გენდერულად გათანაბრდეს ქალი და მამაკაცი და არ გავითვალისწინოთ მათი ფიზიოლოგიური თავისებურება, არამედ მათ უნდა მივცეთ თანაბარი განვითარების საშუალება“, – განუცხადა knews.ge-ს ლაურა კუტუბიძემ.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „თანასწორობა იგებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.