სტატიები

მომრავლებული გველები გიორგეთის სკოლაში – პრევენციის რა ღონისძიებები განხორციელდება?

გიორგეთის სკოლაში ქვეწარმავლების მომრავლების შესახებ ინფორმაცია knews.ge-მ ჯერ კიდევ 2017 წლის 31 მარტს გაავრცელა. 

სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ორი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო. საგაკვეთილო პროცესის შეჩერების მიზეზი შენობის პირველ სართულზე მდებარე საკალსო ოთახებში ქვეწარმავლების მომრავლება გახდა. მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ სკოლასთან ახლოს დაჭაობებული ტერიტორიაა, რომელიც წარმოადგენს ქვეწარმავლების გამრავლების მთავარ კერას. გველების მომრავლებაზე საუბრობენ სკოლის მასწავლებლებიც. 
„გველები უკვე გამოსულები არიან. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში არის უამრავი გველი, კლასებშიც კი ამოდიან. პირველ კლასში უკვე ნახეს და მოკლეს. მშობლებს ძალიან გვეშინია“, – აღნიშნავს სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის მშობელი ნათია ჯოხაძე. 
„გველი პირველად შენიშნეს შენობის პირველ სართულზე, პირველი კლასის საკლასო ოთახის კიბესთან და შემდეგ შიგნით, საკლასო ოთახის კართან“, – ამბობს გიორგეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინა ლობჟანიძე. 

გველების მომრავლებას და შენობის პირველ სართულზე მდებარე საკლასო ოთახებში ქვეწარმავლების გამოჩენას ადასტურებს სკოლის დირექტორიც. თამარ მაისურაძის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით უახლოეს მომავალში დაიწყება შენობის პირველი სართულის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყოფა. 
„ქვეწარმავლები აღმოაჩინეს შენობის შიგნით და გადავწყვიტეთ, რომ ორი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეგვეწყვიტა. სასწავლო პროცესი დღეს აღდგა. გაცდენილის დღეების ნაცვლად მოსწავლეები ისწავლიან ორ შაბათ დღეს. მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ პირველი სართულის საკლასო ოთახებში, ავიყვანეთ მეორე და მესამე სართულზე. სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც იატაკის შეცვლას ითვალისწინებს. სკოლაში იატაკი უკვე აყარეს“, – განუცხადა knews.ge-ს თამარ მაისურაძემ. 

ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა გიორგეთის საჯარო სკოლაში პრევენციული ღონისძიბები უკვე განახორციელა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჩიკვაიძის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ზაფხულის განმავლობაში კიდევ ჩატარდება. 
„თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გიორგეთის საჯარო სკოლაში. მათ სპეციალური ნივთიერებებით დაამუშავეს სარდაფისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტია, რომ შეცვალოს პირველი სართულის საკლასო ოთახების იატაკები, რათა ხვრელებიდან არ ამოძვრნენ გველები. სამინისტროში გაგზავნილია დოკუმენტაცია“, – აღნიშნავს knews.ge-თან საუბრისას მანანა ჩიკვაიძე. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე ფიქრობს, რომ გიორგეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით საბოლოოდ ვერ მოგვარდება საკლასო ოთახებში გველების მომრავლების პრობლემა და საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ლომთაძე ხელისუფლებას ურჩევს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდეს ტალღოვანი ბადეები, რომლებიც, მისი აზრით, ქვეწარმავლებისგან ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური თავდაცვითი საშუალება იქნება.