სტატიები

რა პროგრამებით შეგიძლიათ ისარგებლოთ თელავის ამერიკულ კუთხეში

დღეისთვის ამერიკის კუთხეში ინგლისური ენის სწავლების, სადისკუსიო, ვიდეო, ბავშვთა და წიგნის კლუბები ფუნქციონირებს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სივრცის ფუნქციონირებამ ხელი შეუწყო ბიბლიოთეკის გაძლიერებას.
,,ამერიკის კუთხე“ აღჭურვილია საცნობარო ლიტერატურით, კულტურის, განათლების, ეკონომიკის ამსახველი წიგნებით, ამერიკული მხატვრული ლიტერატურით, ინგლისური ენის სწავლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოებით, უახლესი ტექნოლოგიებით, კომპიუტერული და ვიდეო ტექნიკით, 350 –მდე დასახელების დისკით მხედველობა და სმენა დაქვეითებული მკითხველებისთვის. ამერიკული კუთხის კოორდინატორის, თეა ჯეირანაშვილის თქმით, ეს არის ამერიკული სტილის ცენტრი, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად შეიქმნა. მისი თქმით, კუთხეს ხშირად სტუმრობენ ამერიკელები, მათი უშუალო მონაწილეობით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
,,ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს: მაგალითად ჩვენი კლუბის გოგონები მსოფლიო ტექნოლოგიების გამოწვევების კუთხით მიმდინარე პროექტში არიან ჩართულები. პროექტის გამარჯვებულები კი ამერიკაში მიდიან ერთ კვირიან კონფერენციაზე რომელსაც მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ატარებენ. ასევე გვაქვს საზაფხულო ბანაკები. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალი პროექტი ,,მობილური თამაშები’’, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საელჩო საგანმანათლებლო თამაშებით და ტანამედროვე ტექნოლოგიებით გვამარაგებს. ასევე მეოთხე სკოლაში ფუნქციონირებს ტექნო ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი მოხალისე ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულია. ჩვენი კუთხით ძირითადად სარგებლობდნენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები და რადგან გვინდოდა ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება სხვა ბავშვებსაც ჰქონოდათ და გვქონდა კიდეც რესურსი, გავაკეთეთ პროექტი და უკვე სოფლებში ვატარებთ სხვადასხვა სახის აქტივობებს. არც ველოდით ისეთი შედეგი მივიღეთ. უკვე 5 სოფელში ვიყავით და გვაქვს კიდევ შემოთავაზებები რომ სხვაგანაც წავიდეთ. ჯგუფებში ძირითადად 9–10 წლის მოსწავლეებიდან იწყება ასაკი. სახელმძღვანელოებით კი ნებისმიერი ასაკის მკითხველები სარგებლობენ’’,–განუცხადა Knews.ge-ს თეა ჯეირანაშვილმა.
თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში ,,ამერიკის კუთხე“ 2003 წელს გაიხსნა. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მაყვალა წიკლაური Knews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ წლების განმავლობაში მწირი ბიუჯეტის გამო დაწესებულებას კომპიუტერის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ახლა კი თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რომელიც ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მქონე მკითხველის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,საქართველოში პირველად “ამერიკის კუთხე” თელავში გაიხსნა. თავიდან არ ვიცოდით რა უკუგება გვექნებოდა მომავალში და რითი წაადგებოდა მისი ფუნქციონირება ბიბლიოთეკას. ადრე ჩვენ შორს ვიყავით ახალი ტექნოლოგიებისგან და ახლა ნებისმიერი ტექნოლოგია გვაქვს რაც საჭიროა. მათ შორის: კომპიუტერები, ქსეროქსი, ფაქსი, პროექტორი და სხვა. ჩვენ გასხნის დღიდან სიამოვნებით ავღნიშნავთ ამერიკულ დღესასწაულებს, ამერიკელი მოხალისეები კი ქართულ ღონისძიებებში მონაწილეობენ აქტიურად. ამ კუთხემ ხელი შეუწყო ურთიერთობების გამყარებას. 2003 წელს 5 კვირიანი პროგრამით ვიყავი ამერიკაში და მომეცა საშუალება მენახა იქ არსებული ძლიერი ბიბლიოთეკები, იქიდან დაბრუნებული კი აქ პარალელებს ვავლებდი და რისი საშუალებაც გვქონდა დავნერგეთ სიახლეები. ამერიკის კუთხის გახსნის დღიდან ბევრი საინტერესო და აუცილებელი პროგრამა განვახორციელეთ. მათ შორის გვქონდა კომპიუტერის და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები სამედიცინო სფეროს და სხვა მიმართულებებით მომუშავე სპეციალისტებისთვის. ასევე ,ამერიკის კუთხის“ კოორდინატორმა დაამუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარა მცირე საოჯახო სასტუმროების დიასახლისებს ინგლისური ენის სწავლებაში’’,– განუცხადა knews.ge-ს მაყვალა წიკლაურმა.
მაყვალა წიკლაური აღნიშნავს, რომ თავიდან ,,ამერიკის კუთხეში“ ძირითადი დატვირთვა ინტერნეტზე და კომპიუტერებზე მოდიოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი აქტიური მუშაობის შედეგად სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა და ახლა ძირითადი მოთხოვნა ლიტერატურაზეა. მისივე თქმით, ,,ამერიკული კუთხის“ გახსნის შემდეგ ბიბლიოთეკა გაძლიერდა, რამაც მკითხველთა რაოდენობა გაზარდა.
,,მთავარ ბიბლიოთეკას 73 490 ეგზემპლიარი წიგნი აქვს. დღეისთვის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად აქ გვაქვს მკითხველთა მომსახურების განყოფილება, რომელიც აბონემენტსა და დარბაზს აერთიანებს, ასევე ფუნქციონირებს მეთოდური და მუსიკალური ფონდის განყოფილებები, შემოვიტანეთ ბრაილის შრიფტით დაწერილი და აუდიო წიგნები, გვაქვს ასევე ბუორის პროგრამა ჩაწერილი, რომლის დახმარებითაც შესაძლოა უსინათლო მკითხველმა ისარგებლოს ინტერნეტით. გვაქვს ასევე უცხოურენოვანი ლიტერატურის განყოფილება, შენარჩუნებულია სრულად რუსული ლიტერატურა, 25 000–მდე წიგნი, ასევე მცირე რაოდენობით ფრანგული და გერმანული ლიტერატურაც. სასიხარულოა, რომ ჩვენი წიგნებით, ახალი ტექნოლოგიებით მთელი რეგიონი სარგებლობს. ბევრ ღონისძიებებს ვახორციელებთ ყოველთვიურად და იმდენად მიეჩვია მკითხველი ამას, რომ დასწრება თითქმის ყველაზე აქტივობაზე მაღალია. მკითხველიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს. გასული წლის შედეგების მიხედვით, 3 523 რეგულარული მკითხველი იყო აღრიცხვაზე. ორმაგად სასიხარულოა, რომ მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან’’,– განაცხადა მაყვალა წიკლაურმა.