ახალი ამბები

ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება

როგორც knews ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ძეგლი წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას და განეკუთვნება მე-VI საუკუნეს. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ნაშენია, სხვადასხვა ზომის რიყის ქვებით კირის დუღაბზე.
,,ადგილობრივი მოსახლეობა, ეკლესიას ,,სამკარიანის” სახელით მოიხსენიებს, რადგან მას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ძეგლის რეაბილიტაციის პარალელურად დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება ეკლესიის ინტერიერში. ეკლესია ძალიან დაზიანებულია: მთლიანად ჩანგრეულია მთავარი ეკლესიის გადახურვა (კამარა); ჩამოშლილია ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები; სამხრეთი მინაშენი საძირკვლამდეა დანგრეული, ჩრდილოეთ მინაშენი კი სანახევოდ დანგრეულია. წმინდა გიორგის ეკლესია,თავდაპირველი იერ-სახით იქნება აღდგენილი”,– განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით განხორციელდება.