სტატიები

ფლექსის გაცვლითი პროგრამით კახეთიდან ამერიკაში სასწავლებლად 6 მოსწავლე გაემგზავრება

ანი დედაბრიშვილი, თელავის #2 საჯარო სკოლა: 

,,ამ პროგრამაში მონაწილეობა არის წარმატებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი, რადგან ამერიკაში მიღებული გამოცდილება დადებითად აისახება ჩემს მომავალზე. ვიმედოვნებ, რომ ეს სასწავლო წელი იქნება არამხოლოდ შემეცნებითი, არამედ გამოცდილებითა და საინტერესო თავგადასავლებით დახუნძლული. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს თემში მცხოვრებ მოსახლეობას. რაც შეეხება ამერიკულ სკოლას, არის აბსოლუტურად განსხვავებული. საწყის ეტაპზე, სავარაუდოდ, რთული იქნება შეგუება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ შემიქმნის, რადგან ადვილად შემიძლია უცხო გარემოსთან შეგუება. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკაში გატარებული ყოველი დღე წარუშლელად აღიბეჭდება ჩემს მეხსიერებაში.“

გიორგი ორკოდაშვილი, თელავის #1 საჯარო სკოლა:
,,ჩემთვის ეს პროგრამა ახალი შესაძლებლობაა მივიღო განათლება უცხო გარემოში, განვითარებულ ქვეყანაში და გავხდე უფრო დამოუკიდებელი. მიხარია, რომ გავხდი ფლექსის ფინალისტი და ვეცდები მომდევნო 1 წელი ამერიკაში ძალიან პროდუქტიული იყოს, იქიდან კი წამოვიღო ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც აქ გამოვიყენებ. მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ. ძალიან ბედნიერი ვიყავი როცა დამირეკეს, ფაქტობრივად, 3 წლის მიზანი ამისრულდა. მოუთმენლად ველოდები როდის გავიგებ ჩემი მასპინძელი ოჯახის, შტატისა და სკოლის შესახებ ინფორმაციას.“

დავით რევაზიშვილი, თელავის #1 საჯარო სკოლა:
,,უპირველესყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული ერთი აკადემიური წელი დამეხმარება პიროვნულ ზრდაში. გავეცნობი ამერიკულ ტრადიციებს და საშუალება მექნება, წარმოვაჩინო საკუთარი კულტურა. ამერიკულ სკოლაში სწავლა ძალიან ამაღელვებელია, ბევრ მეგობარს შევიძენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ვფიქრობ, ეს წელი საკმაოდ პროდუქტიული იქნება ჩემთვის“.

აბი გოგიშვილი, თელავის #9 საჯარო სკოლა:
,,ჩემთვის მომავალ ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს გამარჯვებას, რომლის შემდეგაც იწყება მთავარი ბრძოლა – სწავლა, შრომა და ახალი კულტურის გაცნობა. ეს არის დიდი პასუხისგმებლობა იმ ხალხის მიმართ ვინც მენდო, შემარჩია, ოჯახში მიმიღებს და სკოლის კარს გამიღებს. ვფიქრობ, ამერიკულ სკოლაში შევხვდები ბევრ განსხვავებულ ადამიანს, სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა ინტერესების მქონეს. მათგან ბევრს ვისწავლი, მეც გავუზიარებ ჩვენი ქვეყნის შესახებ ცოდნას. უკვე ვიცი ვინ იქნება ჩემი ამერიკელი ოჯახი და ძალიან მიხარია. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა და იმედი მაქვს, გავამართლებ პროგრამის მოლოდინებს“.

როგორც knews.ge-ს FLEX-ის პროგრამის წარმომადგენელმა დოდო გოცირიძემ განუცხადა, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
,,პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას“.