თელაველი არჩილ შაშურაშვილი აშშ-ის „ფაუერ ლიფტინგის“ ფედერაციის წევრი გახდა
არჩილ შაშურაშვილის განცხადებით, ფედერაციის წევრობის მოპოვება ძალიან რთულია, რადგან მასში გასაწევრიანებლად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სპორტსმენი რეგისტრირდება.
„აშშ-ის „ფაუერ ლიფტინგი“ ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაციაა და მასში გაწევრიანება ძალიან რთულია. მე შევძელი მონაწილეობის უფლების მოპოვება, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. ამ ფედერაციის წევრი აქამდე არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ ყოფილა. იმდენად ძლიერი ფედერაციაა, მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული. წარმომიდგენია, რა სერიოზული კონკურენცია იქნება, მათგან საუკეთესოები რომ ამოირჩევა და „ლიბერთი გეიმსში“ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა არჩილ შაშურაშვილმა.
მან მზადება დაიწყო პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში გაიმართება. სპორტსმენი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს ღია ჩემპიონატზე – თავისუფალ თამაშებში, რომელიც პენსილვანიის შტატში, ივლისში ჩატარდება.
არჩილ შაშურაშვილმა ექვსი წლის ასაკიდან ჭიდაობაში ვარჯიში, 2006 წლიდან კი ძალისმიერ სამჭიდში დაიწყო ასპარეზობა. იგი საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი და სპორტის საერთაშორისო ოსტატია. 2010 წელს შაშურაშვილი საქართველოს უძლიერეს მამაკაცად დაასახელეს. რამდენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიო კლასიკურ ჩემპიონატზე კი მესამე ადგილზე გავიდა.