დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის მოადგილის, ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.
,,სხდომაზე ნუგზარ პაპიაშვილის გარდა სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს ოცდაოთხმა წევრმა მიიღო. შედეგების მიხედვით, 24 ხმით ნუგზარ პაპიაშვილი ერთხმად იქნა არჩეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. მის მოადგილეს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები უახლოეს სხდომაზე აირჩევენ”,– განაცხადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მან ასევე, დატოვა პარტია ,,ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციაც. ჯავახიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წელს დაინიშნა.