თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ხელმოწერები შეგროვდება
აქციის ორგანიზატორები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს დეცენტრალიზაციას და განვითარებას შეუშლის ხელს. ჟურნალისტის, მაკა მოსიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს არა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე, არამედ ორდონიანი თვითმმართველობის სისტემა უნდა შექმნას.
,,2014 წლის მერე რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა ჩემთვის ბევრი რამ პოზიტიურად შეიცვალა. ახლა დაგეგმილია, რომ ეს ტერიტორიული მოწყობა გაუქმდეს და გაერთიანდეს მუნიციპალიტეტები. ეს მიმაჩნია მოქალაქეების დაცინვად. ყველა პრობლემა ადგილობრივებმა თვითონ უნდა გადაჭრან და გაერთიანებული მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 2014 წლის მერე თელავის მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაც გაიზარდა, ასევე გაიზარდა ბიუჯეტი და ამისი ნათელი მაგალითია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა ბიუჯეტის ხარჯზე. გარდა ამისა, სწორედ ასეთი თვითმმართველობის შედეგია, რომ ბევრ სოციალურ პროგრამაში მოქალაქეების ინიცირება იყო მაღალი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ იფიქროს, გადაიყვანოს სახელმწიფო ორდონიან თვითმმართველობაზე, სადაც ნებისმიერი სოფელი არის თვითმმართველი, როგორც ქალაქი, ის დღეს ცდილობს ეს მუნიციპალიტეტები გააერთიანოს, რაც დაუშვებელია. ჩვენ დავიწყებთ ღია საჯარო მსვლელობას და საქართველოს ხელისუფლება ნახავს თუ რამდენი ვართ და რამდენისთვის გაამართლა თვითმმართველი ქალაქის არსებობამ. სამშაბათს თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდება პეტიციის ხელმოწერის მსურველთათვის მაგიდა, და ყველას ქნება შესაძლებლობა საკუთარი აზრი დააფიქსიროს თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით”,– განუცხადა Knews.ge-ს აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა.