დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ბიოუსაფრთხოების პუნქტები აშენდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პუნქტებში უსასყიდლოდ დაბანენ როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვს და პარაზიტებს კი დაამუშავებენ, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას.
დედოფლისწყაროში აშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბექა გონაშვილთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი, ასევე, იმყოფებოდა დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე, სადაც მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნა, ეს გაუადვილებს მეცხვარეებს მუშაობას და დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც”,– განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, სტაციონალური კრემატორიუმები, საწყობი, ვეტპუნქტი და ა.შ. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია დაინფიცირებული პირუტყვის ტრასებზე მოძრაობისა და ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება.