სტატიები

თელავში 12 სახეობის შვეიცარული ყველის წარმოება დაიწყეს

 ,,ოდლისი“ დღიურად აწარმოებს 25 კილოგრამ ყველს, რომლის გასაყიდი ფასი 20-დან 35 ლარამდე მერყეობს. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საწარმომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვა მოახერხა.
საწარმო 33 წლის რატი როსტომაშვილმა 2011 წელს გახსნა და ყველს პრასის, სტაფილოს წვენის, ჩილის, ნივრის, ჭინჭრის და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებს. მთავარი ტექნოლოგი, გიორგი ყალამაშვილი აცხადებს, რომ საწარმოს გარდა, მათ, ასევე, ყველის დასაძველებლად სპეციალური გარემო აქვთ შექმნილი. პროდუქციის დაძველების პროცესი 1 თვიდან 2 წლამდე მიმდინარეობს. თელავში წარმოებული ყველი საქართველოს მასშტაბით სპეციალურ მაღაზიებში და რესტორნებში იყიდება.
,,საწარმოში ამ დროისთვის 3 ადგილობრივია დასაქმებული. მე ვარ მთავარი ტექნოლოგი და მყავს ორი თანაშემწე. გვაქვს საკუთარი ფერმა, სადაც გვყავს ევროპული ჯიშის საქონელი და ვამუშავებთ ჩვენს რძეს. ვამზადებთ ორი სახეობის ე.წ მუჩლს, ჭინჭრის ყველს, ვაიშქეზეს, ცხვრის, ძროხის და თხის რძის ნაზავისგან მიღებულ ყველს და სხვა. ჩვენი წარმოებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ის კომპონენტები, რომლებიც მასას ერევა, ეკოლოგიურად სუფთაა და სხვადასხვა ბრენდი კომპანიისგან ნაწარმოები ბიო პროდუქტებია. ზამთრის პერიოდში, დღიურად, 230-დან 250 ლიტრამდე რძეს გადავამუშავებთ. ჩვენ, ასევე, სხვა სახის და ტექნოლოგიის ყველის წარმოებასაც ვაპირებთ. საცდელად ჩემი რეცეპტით მოვამზადეთ სხვა სახეობის ყველიც, რომელსაც სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად საფერავის ღვინო შევურიეთ, შედეგი კარგი მივიღეთ, რადგან გემოთი სხვა პროდუქტს არ ჩამოუვარდება,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ყალამაშვილმა. 
გასულ წელს საწარმომ საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. მთავარი ტექნოლოგის ინფორმაციით, პროექტის დახმარებით წარმოებაში ევროპული დონის სტანდარტის დანერგვა მოახერხეს და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მუდმივი აღიარება მოიპოვეს. 
,,ჩვენ შევძელით და წარმოებაში HACCP-ის სისტემა დავნერგეთ. ამაში დაგვეხმარა ის სპეციალური ტრენინგები, რომლებიც გავიარეთ. გარდა ამისა, ,,მოლისგან” მივიღეთ ფინანსური დახმარება, რითაც შევიძინეთ სხვადასხვა სახის დანადგარი, რომელიც პროდუქციის მაღალი ხარისხით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წარმოებაში გვეხმარება”, – აღნიშნა ყალამაშვილმა.
საწარმოში უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები მუშაობენ. საწარმოს სპეციალისტმა თინათინ კეწობაშილმა ყველის წარმოებისთვის საჭირო ცოდნა გერმანიაში მიიღო და რამდენიმე თვეა საქმიანობას თელავის რძის გადამამუშავებელ საწარმოში აგრძელებს. 
,,ჩვენს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სათანადო ტანსაცმლის ტარება. გარდა ამისა, ასეთ საწარმოებში აუცილებელია გამოცდილი და ნასწავლი სპეციალისტების მუშაობა, იმისთვის რომ საქმიანობა წარმატებული იყოს,’’– განაცხადა თინათინ კენწობაშვილმა.
რძის გადამამუშავებელი საწარმო პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს და საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს.