ახალი ამბები

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაცია 3 აპრილამდე გაგრძელდება

პროგრამის მიზანია კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.
,,პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით“, – აცხადებენ სააგენტოში.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მდებარე კოოპერატივის ,,თაფლიანი’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი Knews.ge-სთან აცხადებს, რომ კოოპერციის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერებს და წარმატებულს გახდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. 
,,გარდა გამოცდილების გაზიარებისა, კოოპერატივის დაფუძნებამ ხელი შეუწყო სოფელში ქალების დასაქმებას და მეფუტკრეობა გახდა საინტერესო დარგი. ახლადშექმნილ კოოპერატივებს დახმარება სჭირდება, ამიტომ ვინც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებს ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. დარგის განვითარებისთვის ბევრი შრომაა საჭირო“, – განაცხადა knews.ge-სთან ლალი სუხიტაშვილმა. 
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში. ასევე, შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.