ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარი დეპუტატის დეიდაშვილი გახდა

აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ ყეინიშვილი იყრიდა კენჭს. მის კანდიდატურას საკრებულოს 26–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ახმეტა–თელავის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის დეიდაშვილია. ის ახმეტის წარმომადგენლობით ორგანოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 
„საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა საკრებულოს წევრების გადასაწყვეტია. ვადასტურებ, რომ მე ვარ გელა სამხარაულის ნათესავი, მაგრამ ეს ჩემთვის სასჯელია? დიდი ხანია, რაც საკრებულოს წევრი ვარ და გელა სამხარაული ეხლახანს გახდა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ ყეინიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან 2 მარტს გადადგა. ოპოზიცია ჯუგაშვილის გადაწყვეტილებას შიდა პარტიულ დირექტივას უკავშირებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, ჯუგაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაიბარეს და თანამდებობის დატოვება აიძულეს. გასულ წელს წარმომადგენლობითი ორაგნოს დეპუტატების ნაწილმა 3 მაისს და 5 დეკემბერს ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენა, თუმცა მისი იმიჩმენტი ორჯერვე ჩავარდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 16 წევრის მხარდაჭერა.