სტატიები

ფერმერები კახური ჯიშის ღორის მომრავლებას შეძლებენ

როგორც ფერმერები knews.ge-სთან აცხადებენ, უცხოური ჯიშის ღორები გარდა იმისა, რომ მეხორცულ ჯიშებს წარმოადგენენ, ნაკლებ მოვლას საჭიროებენ.

,,ათეული წელია რაც ქართული ჯიშის ღორებს თითქმის აღარავინ ზრდის. არ არის მომგებიანი და ყველა უცხოური ჯიში ღორების მომრავლებაზეა ორიენტირებული. ამასობაში კი, კახური ჯიშის ღორი გადაშენების პირასაა. მე ბეკონისა და ლანდრასის ჯიშის ღორები მყავს. მათში თანხის გადახდა ღირს, რადგან ისინი სხვა ჯიშებთან შედარებით მეხორცულობითა და ნაყოფიერების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. როდესაც იზრდებიან 250 კილოგრამამდე იწონიან“, – აცხადებს Knews.ge-სთან თელავში მცხოვრები თემურ მარგალიტაშვილი.

სოფლის მეურნეობის საკითხებში ექსპერტების შეფასებით, რაც მეღორეობის სანაშენო ფერმები აღარ არსებობს, გაუარესდა ჯიშობრივი მაჩვენებლები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს კახური ღორის გადარჩენის პროექტს, რომლის ფარგლებში მისი მოშენება და დაცვა იგეგმება.

„საპარტნიორო ფონდი განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას, ფერმების მშენებლობას და მის განვითარებას რამდენიმე ეტაპად, ხოლო საბოლოოდ დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან ხამონისა და სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტის საინვესტიციო მოცულობა და მისი განხორციელების ვადები. მიმდინარეობს მოძიებული ჯიშების საკოლექციო-სადემონსტრაციო სანაშენე ფერმების ჩამოყალიბება. ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით ფერმების შექმნას კახეთში გეგმავს,“ – განმარტავს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.

ექსპერტების თქმით, კახური ჯიშის ღორი კარგად იზრდება ტყეების ახლოს, პირობებს კარგად ეგუებიან, ნაყრდება კიდეც და სიცივეც ნაკლებად აშინებს.

,,კახური ჯიშის ღორების ზრდასრულის წონა 115-120 კგ-ს აღწევს და 6-7 გოჭი ჰყავს.­ ახლა ამ ჯიშის ღორის შეჯვარებაც მიდის საუბრები და ამბობენ, რომ წონა 180 კილოგრამამდეც­ გაეზრდება. ისინი ადვილად მრავლდებიან და შინაურ პირობებშიც იოლი გასაზრდელია”, – აცხადებენ ექსპერტები.