საქართველოში 300 ათას ადამიანს კრედიტის გადახდა უჭირს
რა არის და რისგან შედგება თქვენი საკრედიტო ისტორია და როგორ უნდა მართოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ ბანკებთან ურთიერთობისას მათ გადაწყვეტილებაზე აისახოს, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.
მირიან ჯობავა: საკრედიტო ისტორია არის თქვენი საკრედიტო გადახდების მთლიანი წყობა. თუკი რამე სესხით გისარგებლიათ, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს ბაზაში და ახალი სესხის აღების დროს, საკრედიტო დაწესებულება ამოწმებს თქვენს ისტორიას. ამაში მოიაზრება ინფორმაცია დეტალურად: სად გქონდათ აღებული სესხი, რა ვადით, როგორი გადახდები გქონდათ, 1-დღიანი ვადაგადაცილებაც კი ნეგატიურად ისახება საკრედიტო ქულაზე.
მირიან ჯობავას თქმით, „კრედიტინფოში“ დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ინფორმაცია ინახება.
„ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“.
მირიან ჯობავას თქმით, ვადაგადაცილებების დროსაც ხდება ჯარიმის პატიება ან გრაფიკის აწყობა ისე, რომ გადაცილება აღარ დაფიქსირდეს.