სტატიები

საგარეჯოელი ვეტერინარი ქალაბატონი, რომელიც 18 წელია ფერმერებს ემსახურება

ცხოველები ბავშვობიდან უყვარდა და 25 წლის ასაკში საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია. ბუზარიაშვილმა ქალაქ საგარეჯოში ვეტერინარული მომსახურების ცენტრი გახსნა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით უახლესი აპარატურით აღჭურვა და შვილთან ერთად მოთხოვნის შემთხვევაში ყოველდღიურად 100–მდე ფერმერს ემსახურება.
ვეტერინარი ქალბატონი ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ის ფიქრობს, რომ ვეტერინარიის განვითარებისთვის დღეისთვის ბევრი პრობლემის მოგვარებაა საჭირო და ამავე დროს აუცილებელია ამ მიმართულებით ფერმერების ინფორმირების დონის ამაღლება
,,საგარეჯოში ვეტერინარული მომსახურების ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური მხარდაჭერით გავხსენით, მანამდე სახლში ვმუშაობდი. აქ ძირითადად მეღორეობას, მეცხვარეობას და მესაქონლეობას მისდევენ. იმისთვის, რომ მეცხოველეობის დარგი განვითარდეს, აუცილებელია საქმიანობაში სხვადასხვა ტექნოლოგიის შემოტანა და დანერგვა. ამ კუთხით გვჭირდება განვითარება, სიახლეების ფერმერებისთვის გაცნობა და ზოგადად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, თუ რამდენად საჭიროა გამოცდილი ვეტერინარის მუშაობა სოფელში. ჩემი აზრით, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი ვეტერინარი, რომელიც დაეხმარება ფერმერებს. დღესდღობით კარგ ვეტერინარზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ის კადრები, რომლებიც ამ სფეროში არიან, საკმარისი არ არის. ამ კუთხით საკანონდებლო ბაზაც დასახვეწია,’’– განუცხადა knews.ge-ს ეკა ბუზარიაშვილმა.
ეკა ბუზარიაშვილის საოჯახო ვეტერინარული მომსახურების ცენტრი ,,ვეტები“ დღეისთვის საგარეჯოში წარმატებით მუშაობს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით, როგორც მეღორეობაში, ასევე მეცხოველეობაში. ვეტერინარი ქალბატონის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა ფერმერთან მიდიან, რათაცხოველებს ხელოვნური განაყოფიერება, საკეისრო კვეთა ან ექოსკოპია ჩაუტარონ და სათანადო მკურნალობა დაუნიშნონ.
,, აქამდე ვერ ვახერხებდით ბევრი დაავადების დიაგნოსტირებას, რაც ექოსკოპიური აპარატი (დრამინსკი) გადმოგვეცა ეხლა პრობლემა აღარ არის. ამით უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი მომსახურება და შემოსავლებიც გაიზარდა. გარდა ამისა, ცხოველის მაკეობის დადგენა მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რათა მათ შემდგომი საქმიანობა ზუსტად დაგეგმონ. პროექტის ,,MOLI კახეთში” და კომპანია „ინვეტი“- ს დახმარებით გადმოგვეცა აღნიშნული აპარატი, რომლის გამოყენება დავიწყეთ აქტიურად მოტანის დღიდან. დღეში საშუალოდ გვყავს 100 მომხმარებელი. ყველანაირი სახეობის ცხოველსა და ფრინველზე გვაქვს მომართვიანობა, ასევე არაგადამდები და ინფექციური დაავადებების კუთხითაც,”- აცხადებს ბუზარიაშვილი.
მას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ფერმერთა მომსახურების ცენტრის გაფართოვება და სხვადასხვა მომსახურების დანერგვა.