ღვინო ქალებისთვის თელავიდან – ახალი ბრენდი აგრო ბაზარზე
იგი ამბობს, რომ ღვინოს უნიკალური ჯიშებისგან ამზადებს. ბიზნეს ლედის განმარტებით, დიდი ხნის დაკვირვების შედეგად აგრო ბაზარზე აღმოაჩინა, რომ ღვინო სპეციალურად ქალებისთვის არ იყო.
,,რამდენიმე ღვინის კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით15 წელი ვმუშაობდი. მსოფილიო დონის გამოფენებზე მიწევდა ჩვენი პროდუქციების წარდგენა. ვაკვირდებოდი რა ტენდენცია, სიახლეები იყო მეღვინეობის განხრით. მივხვდი, რომ ამ კუთხით ქალთა სეგმენტი აუთვისებული იყო. სპეციალურიად ქალებისთვის განკუთვნილი ღვინო არ არსებობდა. გადავწყვიტე შემექნა ღვინის ხაზი სხვადასხვა ხასიათის ქალებისთვის, მაგალითად თინეიჯერებისთვის, დიასახლისისთვის, ბიზნეს ლედისთვის. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა კარგი სიახლე ამ სფეროში“, – განუცხადა knews.ge–ს მანანა ახვლედიანმა.
კომპანია, სადაც შვიდი ადამიანია დასაქმებული, ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს.
,,ერთი წელია გადავწყვიტე, გამეკეთებინა კომპანია, სადაც დასაქმებულები იქნებოდნენ ქალები და დაამზადებდნენ ღვინოს მხოლოდ ქალთა სეგმენტისთვის. ამ ეტაპზე ვართ შვიდი ადამიანი და ვაწარმოებთ 5 სახის ღვინოს. საერთოდ, მიმიაჩნია, რომ ღვინის სმა არის ხელოვნებისა და კულტურის შემადგენელი ნაწილი, საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. მიმაჩნია, რომ ეს კეთილშობილი სითხე არ არის მხოლოდ თრობისთვის განკუთვნილი, მასთან განსაკუთრებული დელიკატური დამოკიდებულებებია საჭირო“, – განმარტავს ახვლედიანი.
,,ჩვენმა დონორმა გვითხრა, რომ ისინი ერთი წლის მანძილზე დააკვირდებიან ჩვენს მუშაობას რა შედეგი გვექნება, როგორ გავზრდით გაყიდვებს და ზოგადად, როგორ განვვითარდებით ვებ–გვერდის დახმარებით. შემდგომ დაგვიფინანსებენ ჩემს საოცნებო შატოს ქალებისთვის. ბუნებით მეოცნებე ვარ და ეს ბევრ რამეში მეხმარება. გერმანელი კოლეგები ვებ–გვერდის საბოლოო სრულყოფაში დაგვეხმარნენ. სამომავლოდ, შატოში შევიტან სხვა ბრენდის ღვინოებსაც, მოვაწყობ კვირეულებს და ბევრ სიახლეს შევთავაზებ ჩვენს მომხმარებელს. ჩემი მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი.
მანანა ახვლედიანი გეგმავს, რომ სამომავლოდ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიყოდოს. მადამ ვაინი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დააგემოვნეს.
,,ღვინო ქალებისთვის უკვე გავიტანეთ ესტონეთსა და ფინეთში სულ 80 ყუთი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მაქვს პოლონეთთან და ჩეხეთთან, სამომავალოდ ვგეგმავ მოლაპარაკებას, რათა მონაწილეობა მივიღოთ ლონდონში ღვინის გამოფენაზე. დაინტერესებულია ყაზახეთი, უკრაინა და ჩინეთიც. გვაქვს შემუშავებული ჩვენი ლოგო, რომელიც უკვე ბრენდად იქცა. გეგმები ბევრი გვაქვს და ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებას მივაღწევთ“.
ორგანიზაცია გეგმავს, კახეთში ქალებისთვის შატო დააფუძნოს, სადაც ქალბატონებს შეეძლებათ, როგორც ღვინის დაგემოვნება, ასევე საღამოს საათებში განტვირთვა.
,,მადამ ვაინი“ არ იქნება დიდი კომპანია. ეს იქნება მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე გათვლილი, სადაც ჩამოვასხამთ დანომრილ ღვინოებს და ეს არ გაიყიდება ყველგან. ეს ადგილი ქალებისთვის იქნება კომფორტული სივრცე. მეუბნებიან, რომ კახეთში კონკურენციის გაწევა გამიჭირდება, რადგან ბევრი მეღვინე ძალიან კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს, თუმცა ჩემი პროდუქტი არ არის გათვლილი ყველაზე. განსხვავებული კონცეფციაა და ვფიქრობ, გაამართლებს. მე არ მექნება ბევრი ღვინო, ეს იქნება ცოტა და უნიკალური ჯიშებისაგან ჩამოსხმული“, – ამბობს მანანა ახლედიანი.