კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების და ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარია გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის, თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
აღნიშნულ ინიციატივებზე იმსჯელეს თელავში სასტუმრო “შატო მერეს” საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ხელისუფლება, ბიზნეს სექტორი და ალავერდის ეპარქია ერთობლივად მონაწილეობენ.
,,შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლოდ რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა და სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ეს ემსახურება კახეთის ტურისტული პოტენციალის შემდგომ განვითარებას. საინტერესოა ის, რომ აქ სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და ეკლესია ერთობლივად ვართ ჩართული ამ კუთხით პროექტების განხორციელებაში. ტურიზმის კუთხით აქტიურად განიხიელება რამდენიმე მიმართულება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც კახეთს გაჩნია, განვითარდეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.