თელავში ალტერნატიული ენერგიების ენერგოცენტრალი გაიხსნა
როგორც knews.ge–ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში თელავის მწვანე რეკრეაციულ ზონაში დამონტაჟდა განახლებადი ენერგიების ინტეგრირებული ოპერირება- ე.წ. „ენერგოცენტრალი“.
მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაზარდოს კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებები ენერგოეფექტურობისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის გზით და უზრუნველყოს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიანი მართვა და განვითარება.
,,როგორც ცნობილია 2015 წელს ,,მერების შთანხმების„ პროექტს მოეწერა ხელი და ამით ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, რომ 20%–ით შეამცირონ მავნე გამონაბოლქვი გაზები გარემოში. პროექტის ფარგლებში თელავში გაკეთდა შესანიშნავი ენერგოსისტემა. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი სხვებისთვისაც, რომელიც USAD-ის დაფინანსებით ხორციელდება. ის დაეხმარება თელავს, რომ 2020 წლისთვის შეძლოს იმ გეგმების და ვალდებულებების განხორციელება, რაც აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში თავის თავზე აიღო. ეს იქნება მოდელი სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც და იმედია, ისინიც აიღებენ მაგალითს თელავიდან და განახორციელებენ მსგავს პროექტს თავისთან,’’–განუცხადა knews.ge-ს დაგლას ბოლმა.
პროექტი განახორციელა „ახალი ტექნოლოგიების ცენტრმა” თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა „ენერგოცენტრალის“ დიზანის, დაგეგმარების, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოების დაფინანსება.
„ენერგოცენტრალი“ მუშაობს განახლებად ენერგიებზე, რის საშუალებითაც ელექტროენერგია და გათბობა მიეწოდება მუნიციპალურ შენობას. სადემონსტრაციო პროექტი „მწვანე რეკრეაციული ზონა ქალაქ თელავში“ პროგრამის „დაბალემისიებიანი განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS)“ ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.
,,ენერგოცენტრალი“არის ალტერნატიული ენერგიის წყარო, რომელიც მზისგან გამოიმუშავებს ელექტრო და თბურ ენერგიას, რაც ამცირებს გარემოში CO2-ის გაფრქვევას. აღნიშნული პროექტი საპილოტეა და იგი პირველად თელავში განხორციელდა.