თელავის ხევისა და უსახელო ხევის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება
ორივე ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება 3 მლნ. ლარს აჭარბებს. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თელავის 1.5 კმ-იანი ხევი გასუფთავებას, კედლებისა და ძირის გამაგრებას საჭიროებს. მათივე ცნობით, უსახელო ხევის ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და მიმდებარე შენობებს.
„უსახელო ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის. ორივე ხევში გაიზრდება გამტარუნარიანობა, შედეგად, ქალაქ თელავსა და სოფელ კურდღელაურში სახლები აღარ დაიტბორება“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.