ვინ არის 24 წლის ვეტერინარი საგარეჯოდან
იგი ერთადერთი ვეტერინარია, რომელიც სოფლებში გამოძახებებზე დადის და ფერმერებს სათანადო მომსახურებას უწევს.
ახალგაზრდა ვეტერინარი ამბობს, რომ რეგიონში ვეტერინატების სიმცირეა, რაც დარგის განვითარებასა და გაძლიერებას უშლის ხელს. მისმა ოჯახმა საგარეჯოში ვეტერინარული მომსახურების ცენტრი ,,ვეტები” საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური მხარდაჭერით გახსნა.
,,აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა წელს დავამთავრე, თუმცა მეცხოველეობის დარგით გაცილებით ადრე, ბავშვობის წლებში დავინტერესდი. მიმაჩნია, რომ საინტერესო პროფესიაა და ვთვლი, რომ ვეტერინარს ფინანსური შემოსავალი ნორმალური ქონდეს.
ყველა სოფელს უნდა ყავდეს კარგი ვეტერინარი, რომელიც დაეხმარება ფერმერებს. დღესდღობით კარგ ვეტერინარზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ის კადრები, რომლებიც ამ სფეროში არიან, საკმარისი არ არის. მე ზოგჯერ ვერც ვასწრებ ყველა გამოძახებაზე მისვლას. დღეში 10 გამოძახება გვაქვს, ხან მეტიც. ცხოველების ხელოვნურ განაყოფიერებაზე დღეში 3-4 გამოძახებაა, ექოსკოპიაზე კი 1-2. ასევე, ხშირად გვრეკავენ ფერმერები, რომლებსაც საქონელი ყავთ ავად. მივდივარ ადგილზე, ვატარებ კვლევას და პირუტყვს ენიშნება შესაბამისი მკურნალობა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამ მიმართულებით ბევრს ვსწავლობ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ესტონეთში, გავიარე პროფესიული სემინარები და გადამზადება,”-განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქვლივიძემ.
საოჯახო ვეტერინარული მომსახურების ცენტრი საგარეჯოში წარმატებით მუშაობს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით, როგორც მეღორეობაში, ასევე მესაქონლეობაში. ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგის დედა, ეკა ბუზარიაშვილი 18 წელია მეცხოველეობის კუთხით საქმიანობს და როგორც თავად ამბობს, ეს საქმე მისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მისი თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მეცხოველეობის დარგის კუთხით გამორჩეულია, რადგან სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით აქ მეტი პირუტყვი ყავთ.
,,საგარეჯოში ძირითადად, მეღორეობას, მეცხვარეობას და მესაქონლეობას მისდევენ. იმისთვის, რომ მეცხოველეობის დარგი განვითარდეს აუცილებელია, საქმიანობაში სხვადასხვა ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება თუ რამდენად საჭიროა ვეტერინარი. ზოგმა ისიც კი არ იცის, საახალწლოდ თუ კლავს ღორს, რა დაავადებებზე უნდა იქნეს მანამდე გამოკვლეული. ამ კუთხით საკანონდებლო ბაზაც დასახვეწია. რაც შეეხება ექოსკოპიურ აპარატს, აქამდე ვერ ვახერხებდით ბევრი დაავადების დიაგნოსტირებას, რაც ეხლა პრობლემა აღარ არის. გარდა ამისა, ცხოველის მაკეობის დადგენა მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რათა მათ შემდგომი საქმიანობა ზუსტად დაგეგმონ. პროექტის ,,MOLI კახეთში” და კომპანია „ინვეტი“- ს დახმარებით გადმოგვეცა აღნიშნული აპარატი, რომლის გამოყენება დავიწყეთ აქტიურად მოტანის დღიდან. დღეში, საშუალოდ გვყავს 100 მომხმარებელი. ყველანაირი სახეობის ცხოველსა და ფრინველზე გვაქვს მომართვიანობა, ასევე არაგადამდები და ინფექციური დაავადებების კუთხითაც,”– განაცხადა ეკა ბუზარიაშვილმა.