ბლოგები

„ენისელი-ბაგრატიონი“ საოჯახო ბიზნესი 1875 წლიდან

ანა მარგველაშვილის ბლოგი

ბავშვობაში დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად აღდგომა მიყვარდა.  ეს ის დღე იყო, როცა მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ერთად ვიყრიდით თავს და პაპის საფლავზე გავდიოდით. უფროსები ღვინოს ჩამოასხამდნენ, ჩემი დიდედა თავისი პატარა ჩანთიდან იმდენ სანოვაგეს ამოაწყობდა, სულ ვფიქრობდი ნეტა სად და როგორ ატევს მეთქი. მე და ჩემი ბიძაშვილები დავქროდით სასაფლაოზე, თავიდან ბოლომდე შესწავლილი გვქონდა „სამეზობლო“; წითელი კვერცხები, სანთელი, გარშემო უამრავი ხალხი. რაღაცნაირად სიხარულის დღე იყო. ახლა აღარც ჩემი მოწესრიგებული დიდედაა ცოცხალი, აღარც ჩემი ყველაზე მხიარული და ცელქი ბიძა და ოჯახის წევრებიც ისე ვართ მიმოფანტულები, წელიწადში ერთხელ შემთხვევით თუ გადავეყრებით ერთმანეთს. აღდგომის სიყვარული კი დამრჩა და დამრჩა.

ეტყობა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს დღე ისევ ისეთ სიხარულთან, ხალხმრავლობასთან და საზეიმო განწყობასთან ყოფილიყო დაკავშირებული, როგორც ეს ბავშვობაში იყო, ღმერთმა მოწყალების თვალით გადმომხედა (მგონი არა მარტო მე!) და ჩემს ბავშვობის მეგობარს, სანდრო ბაგრატიონს თავში არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა:  რამდენიმე წლის წინ სანდრომ და მერიკომ შემოგვთავაზეს სააღდგომოდ მათთან საბუეში, მამაპაპისეულ სახლში წასვლა და აღდგომის დღეების ერთად გატარება. საბუეში ისედაც სულ დავდივართ ლამის მთელი ცხოვრებაა, ეს ჯორჯაძე-ბაგრატიონების ძველის ძველი სახლიც ძალიან გვიყვარს და ამიტომ ყველანი სიხარულით დავთანხმდით. ასე დაიწყო ეს ტრადიცია და დღემდე წლიდან-წლამდე სულმოუთქმელად ველოდებით აღდგომის დღეებს.

წელს,  იქ ყოფნისას, ეზოში ჩემი საყვარელი ცაცხვის ქვეშ ვიჯექი და ერთ რამეს მივხვდი: ეს ადგილი ბევრი მიზეზის გამო მიყვარს, მაგრამ მთავარი  არის დაკვირვების შესაძლებლობა: წლიდან წლამდე ვაკვირდები(თ) როგორ შენდება, კეთდება და ვითარდება აქაურობა.  ამ წლებში ჩვენს თვალწინ იმდენი რამე გააკეთეს სანდრომ და მერიკომ. და ჩვენც ჩვენი ხშირი  სტუმრობით ისეთი ჩართულები ვიყავით დაგეგმვიდან დაწყებული-განხორციელების ეტაპებში, თავი მეც ამ შენების და განვითარების მონაწილე მგონია. კი არ მგონია, ვარ.  უზარმაზარი ეზოს ერთ-ერთ კუთხეში კივის ხეივანიც კი ჩავყარე. ახლა, რომ ჩავდივარ – პირველი ამ ხეივანს დავხედავ ხოლმე. ვამოწმებ, გაიხარა თუ არა.

საბუეში სახლი 1875 წელს აუშენებია ზაქარია ჯორჯაძეს. ათასი ქარტეხილი გამოიარა აქაურობამ, სახლი დაიწვა კიდეც ერთხელ და მოგვიანებით აღადგინეს. მაინც ისეთი ცოცხალი სახლია,  იმდენ ამბავს ინახავს, ისეთი ძველი და ჭრაჭუნაა, თითქოს სულ გელაპარაკება და  შენთან ერთად სუნთქავს.

ზაქარია ჯორჯაძე მუშა-თავადი იყო. ზუსტად ასე აწერია მის საფლავს იქვე სოფლის ეკლესიის ეზოში. შეძლებულ ოჯახში დაბადებულმა, სამხედრო სამსახურს მთლად გული ვერ დაუდო და აგრონომიის შესასწავლად ჯერ ავსტრიაში წავიდა და მერე საფრანგეთში. იქ მეღვინეობა ისწავლა, პრაქტიკაც მიიღო და მერე თავის სოფელში დაბრუნდა. ზაქარია ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ევროპული წესით აყენებდა ღვინოს საქართველოში და ქართულ ღვინოს ევროპაშიც გაუთქვა სახელი. 1888 წელს ბრიუსელის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე „ზ. ჯორჯაძისა და კომპანიის“ მიერ გატანილმა და გამოფენილმა ქართულმა ღვინომ საფერავმა ოქროს მედალიც მიიღო. მანამდე კი 1875 წელს, მამაპაპისეულ კარმიდამოში ჯერ  ღვინის მარანი, ე.წ. ქვევრების განყოფილება დაარსა – 120 ცალი ქვევრით და მუხის კასრებით. აქ ის ღვინოსაც აწარმოებდა და კონიაკსაც. საერთოდაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საკონიაკე საქმის განვითარებაში. ზაქარია ჯორჯაძე 1895 წელს გარდაიცვალა.

საბჭოთა ოკუპაციის მერე ღვინის მარანი თავისი წარმოებით სახელმწიფომ წაიღო. მის ბაზაზე საბჭოთა პერიოდში ენისელის ღვინის ქარხანა მუშაობდა. ქარხანა და კარ-მიდამო ბადით იყო გამიჯნული. სახლიც სრულიად სასწაულით გადაურჩათ და ოჯახს დარჩა. თუმცა წლების მანძილზე სახლის დიდ ნაწილში სამტრესტის კანტორა მდებარეობდა. ოჯახს მხოლოდ მეორე  სართულით შეეძლო სარგებლობა. მერე საბჭოთა კავშირიც დაინგრა, დაიწყო პრივატიზაციის პროცესი და ენისელის ღვინის ქარხნის აქციებიც დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში;  სანდროს მამამ საშა ბაგრატიონმა ქარხნის აქციების ნაწილის გამოსყიდვა შეძლო, შემდეგ კი მამა-შვილის ერთობლივი ძალისხმევით 2003 წელს ოჯახმა ქარხანა და  მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიბრუნა. რკინის ბადე აიღეს და 2003 წლიდან აქ უკვე კომპანია „ენისელი-ბაგრატიონმა“ დაიწყო მუშაობა.

ამ პერიოდიდან სანდრო და მერიკო უწყვეტად მუშაობდნენ. რამდენიმე წლის წინ სანდრომ ზაქარია ჯორჯაძისეულ მარანში პირველად რომ შეგვიყვანა და გვითხრა, ეს უნდა აღვადგინოო, გული გამისკდა. მთელი ეს უზარმაზარი სივრცე (800 კვ.მ.) და ქვევრები მიწით იყო დაფარული, არც კი ჩანდა წესიერად. სახურავიც ჩამოშლილი იყო. ვერასოდეს დავიჯერებდი იმ მიწურიდან ასეთი მარანი თუ დადგებოდა, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რას მალავდა წლების ნაყარი მიწა. მომდევნო წელს სანდროსთან ჩასულებს მარანი აღდგენილი დაგვხვდა. აქ ახლა მარან-მუზეუმია. შეხვალ და გული შეგეკუმშება, რამხელა რამე გაუკეთებია საუკუნეზე მეტი ხნის წინ ზაქარია ჯორჯაძეს! მუშა-თავადს.

გარდა ღვინის, კონიაკის და შამპანურის წარმოებისა, ზაქარია ჯორჯაძისეულ კარმიდამოში დღეს სასტუმრო „შატო-ენისელი“ და ჯემების, მურაბების და კომპოტების საწარმო „ჩემი ბაღი“ მუშაობს. ყველგან ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული. შემოდგომით რთველის დროს ჰაერი ყურძნის სუნით იჟღინთება, ქარხანა მთელი დღე იბარებს ყურძენს და საღამოობით იწყება დაწურვის პროცესი: გუგუნებს იქაურობა.  „ჩემი ბაღის“ შენობისკენ რომ აივლი, სეზონის მიხედვით ხან ატმის არომატი ტრიალებს ჰაერში და ხან კომშის.

გერმანიაში (ალბათ სხვაგანაც, უბრალოდ გერმანიაში განსაკუთრებით ხშირად მომხვედრია თვალში) საცხობებს, ლუდსახარშებს თუ სხვა საწარმო-მაღაზიებს ხშირად აწერია ხოლმე: მაგ. „საცხობი 1890 წლიდან“, 1906 წლიდან. ძალიან მომწონს ბიზნესის (ხშირად საოჯახო) ეს უწყვეტობა, სტაბილურობა  (მიუხედავად მე-20 საუკუნის ქარტეხილებისა, მათ შორის გერმანიაში). თაობები რომ აგრძელებენ ოდესღაც დიდი ბაბუის დაწყებულ საქმეს. ასე მგონია ჩვენთანაც ასე იქნებოდა, რომ არა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია,  კერძო საკუთრების გაუქმება და ადამიანებისთვის ინიციატივის, მცირე და საერთოდ ბიზნესის კეთების ხალისის წართმევა. „ენისელი-ბაგრატიონის“ ღვინის ქარხანა, ჩემთვის სწორედ ისეთი ამბავია, რომელმაც დროს აჯობა, ყველას და ყველაფერს აჯობა და მე-19 საუკუნეში სიყვარულით დაწყებული ღვინის წარმოება – დღეს უფრო და უფრო ვითარდება  და ფართოვდება – იმავე ოჯახის მიერ.