თელავში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იღებდნენ მონაწილეობას.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასა და გაძლიერებას და უნივერსოტეტებს შორის დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა.
,,საბჭოს სხდომა თვეში ერთხელ ტარდება და ვცდილობთ სხვადასხვა რეგიონში ჩავატაროთ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, სამუშაო ადგილებს, საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო რესურსებს, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსებას; მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალ 2017 -ის ორგანიზაციულ საკითხებს, არაავტორიზებული დაწესებულებების და იურიდიული პირები განათლების სფეროს, გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოწვევებს განათლების ერთიანი სისტემის განვითარების კონტექსტში და სხვა საკითხებს, რომლებიც განათლების სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად. ყოველ ჯერზე ეს შემადგენლობა იღებს რაღაც სახის გადაწყვეტილებებს, ვქმნით სამუშაო ჯგუფებს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თელავში შეხვედრის შემდეგ ვგეგმავთ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაფინანსების ახალ სქემაზე იმუშავებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ უნივერსიტეტებს შორის უფრო მეტად განვითარდეს კავშირები და ჩვენ, როგორც ამ პროცესში ჩართულმა სამინისტრომ, მათ საქმიანობას ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.