თესაუს ორმა პროექტმა 2016 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
პროექტმა „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა VIII-IX ტომები”, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან გიგაშვილი, ხოლო კოორდინატორი პროფესორი გიორგი გოცირიძეა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი უკვე მესამედ მოიპოვა. პროექტმა „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა წოვათუშური ენის მაგალითზე“, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელი არსენ ბერთლანი, კოორდინატორი კი პროფესორი ქეთევან გიგაშვილია, საეცნიერო საგრანტო კონკურში მეორედ გაიმარჯვა.
როგორც knews.ge-ს პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა განუცხადა, პირველი პროექტი ტექსტოლოგიურ და გამოცემათმცოდნეობით კვლევებს მოიცავს და ქართველი მწერლების პირადი წერილების სრულყოფილი სამეცნიერო აპარატით აკადემიურ მომზადებას ითვალისწინებს.
“VIII-IX ტომები გრიგოლ ორბელიანის წერილებს დაეთმობა, ისევე, როგორც მრავალტომეულის წინა 6 ტომი. მეორე პროექტის ფარგლებში კი, კვლევა ლინგვისტიკისა და ენის დოკუმენტირების მიმართულებით გაგრძელდება. მომზადდება და გამოიცემა წოვათუშური ენის გრამატიკის, ტექსტების და წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ოთხენოვანი ლექსიკონის ტომეულები”, – განუცხადა knews.ge-ს გიგაშვილმა.
პროექტები სამწლიანია და მათი საგრანტო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს.