თელავის ბაღებში კვების რაციონი შემცირდა – პრემიერი ჩინოვნიკების დასჯას ითხოვს
გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონს გადახედეს და მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
„გავრცელდა თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხი. ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი საკვები სახეობები. ეს არის ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მე მინდა ჯანდაცვის მინისტრს და განათლების მინისტრს ვთხოვო, რომ ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა განვაცხადო აბსოლუტური სერიოზულობით – არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ასეთი რამ რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ახლა თავის თანამდებობაზე, სადაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა. არაფერი სამაგისო არ გვჭირს დღეს ნადვილად. ჩვენ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ დავაფინანსოთ ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან და არავითარ შემთხევავში, არა ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე. შეიძლება ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ვინაიდან მედიაში ეს ინფორმაცია არის გასული, მე ვალდებული ვარ საჯაროდ გავაკეთო რეაგირება ამ საკითხზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
Knews.ge მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტებას შეეცადა ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, თეონა მიქელაძესთან, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა