თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, ცვლილებები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებმა გამოთქვეს წუხილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაფართოების თუ ახალი ობიექტების აშენებისას, მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება უწევდათ.
„გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. მეორე მხრივ, აუცილებელია ამ პროცესის გამარტივება, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვს დღეს თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა.