ახალი ამბები

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” თელავის მედია კაფეს მხარდაჭერას უცხადებს

როგორც ორგანიზაციის დირექტორმა ხათუნა ჯანგირაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ისინი მედია კაფეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ. მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ გაზეთ „კახეთის ხმას“ მიეცემა შესაძლებლობა, შეუნარჩუნდეს სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ამ გაზეთისთვის, არამედ მთელი მედიასივრცისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 
,,მერიის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ მედია კაფეში გამართული არაერთი შეხვედრის მონაწილეები თავადაც იყვნენ და ამ შეხვედრების შედეგების მნიშვნელობაზე თავადაც საუბრობენ. თელავის მედია კაფე არის საუკეთესო ადგილი, შექმნილია ისეთი გარემო, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება.
ჩვენი ორგანიზაციის თაოსნობით, „მედია კაფემ“ ათეულობით ღონისძიებას უმასპინძლა. სწორედ ამ სივრცეში ფუნქციონირებს ორგანიზაციის თელავის გენდერის მედიაცენტრიც, რომელიც დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში და სხვადასხვა ინსტიტუციაში. 
იმედს ვიტოვებთ, რომ თელავის მერია თავადვე მოაგვარებს პრობლემას. მივმართავთ ხელისუფლებას, ყველა ღონე იხმაროს და დემოკრატიის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი სივრცე შეუნარჩუნოს საზოგადოებას, მედიას და არასამთავრობო სექტორს”, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჯანგირაშვილმა.