მეწარმეები არარეგისტრირებული წარმოების რეგულირებას ითხოვენ
მათი თქმით, რეგისტრირებულ მეწარმეებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, რაც მათ არარეგისტრირებულ მეწარმეებთან შედარებით რთულ მდგომარეობაში აყენებთ.
კახელი მეწარმეების თქმით, მათ უკვე შეიმუშავეს პეტიცია, რომლითაც მთავრობას გარევაჭრობის აკრძალვის და რძის მწარმოებლების თანაბარ პირობებში ჩაყენების მოთხოვნით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხზე რძის გადამამუშავებელ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზში ფორუმი გაიმართა, რომელიც პროექტის„MOLI კახეთში“ ინიციატივით ჩატარდა. აღნიშნული პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება რეგიონში მეცხოველეობის განვითარების კუთხით, შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.
მეწარმეები არარეგისტრირებული და რეგისტრირებული მწარმოებლებისთვის დღეისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ადგილობრივი ბაზრის ის ნაწილი, რომელიც არარეგისტრირებული მწარმოებლების პროდუქციას უჭირავს, დიდია და ისინი რეალიზების პრობლემის წინაშე დგანან.
ფერმერთა ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელის, კომპანია ,,შირაქის პროდუქტების“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძეს თქმით, აუცილებელია სავალდებულო გახდეს ყველა სახის პროდუქციის ეტიკეტირება და მოხდეს ბაზრების გაკონტროლება.
,,იმისთვის, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს, უნდა დარეგისტრირდნენ ის არარეგისტრირებული მეწარმეები, ვინც ამ კუთხით საქმიანობენ. ჩვენ არ ვითხოვთ ვინმეს დასჯას, გვინდა თანაბარ კონკურენტუნარიან პირობებში ჩადგეს ყველა მეწარმე. აქედან გამომდინარე,გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გადასახადს გადაიხდიან ბიუჯეტში, მოსახლეობას ექნება სშუალება უსაფრთხო პროდუქტი მიირთვას. ეს კი ხელს შეუწყობს დარგის გადარჩენას დარძეზეც უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება’’,– განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმოს შპს ,,მარიამის“ ხელმძღვანელი, ჯიმშერ ხატიაშვილი საწარმოს ფუნქციონირებისა და დამზადებული პროდუქციის რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწერილი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც დარეგისტრირებელ მეწარეებს უწევთ, ბიზნესში დიდი ოდენობით ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. ჯიმშერ ხატიაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მათ მიერ დამზადებული სუფთა პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კუსტარული წესით დამზადებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს, საწარმო დახურვის პირასაა.
,,რამდენიმე წელია ქართული ტრადიციული წესით სულგუნს ვაწარმოებთ, საწარმოც გვაქვს, მაგრამ მუშაობისას პრობლემები გვექმნება. ეს პრობლემები სხვებსაც აწუხებთ. ჩემი აზრით, უნდა მოგვარდეს გარევაჭრობის პრობლემა, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა. მე, მაგალითად, როდესაც საწარმო გავხსენი,ვიცოდი, რომ გარდა გახსნისა, კიდევ ბევრიიქნებოდა გასაკეთებელი, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ამას გავაკეთებდით ეტაპობრივად. 79 500 დოლარი ჩემი ფული ჩავდე ამ ბიზნესში, ასევე ბანკიდან გამოვიტანე იაფი კრედიტი 40 000 დოლარი. გარდა ამისა, ძალიან დაგვეხმარა პროექტი „MOLI კახეთში“ მათ 22 500 დოლარის გრანტი მოგვცეს, რითაც მანქანა–დანადგარები შევიძინეთ. შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, სესხი ბანკიდან დოლარში გვქონდა გამოტანილი, კურსის ცვლილებამ მინიმალურამდე დასწია საწარმოს მოგება და აღარ შეგვიძლია განვახორციელოთ ის რეკომენდაციები, რასაც სურსათის უვნებლობის სამსახური ითხოვს. ჯამში ჩვენთვის70 000 ლარია საჭირო, რომ გაწერილი რეკომენდაციები შევასრულოთ. თუ ინვესტიციების ჩადება და რეკომენდაციების შესრულება არ მოხდა, პირველი იანვრიდან საწარმო დაიხურება,’’– განაცხადა ჯიმშერ ხატიაშვილმა.
აღიშნული კუთხით არსებული პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილიც. მისი განმარტებით, დარეგისტრირებული რძის მწარმოებელი ფერმერები დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგნენ, რადგან მათ რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწიათ და დიდი ინვესტიცია ჩადეს ბიზნესში, თუმცა ბაზარი მათთვის საკმაოდ არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.
,,ჩემი აზრით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას არარეგისტრირებული მეწარმეების გასაკონტროლებლად. ამით მომხმარებელთა უფლებებიც ირღვევა, რადგან კახეთში ბაზრის ნახევარს სწორედ არარეგისტრირებული მეწარმეები შეადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ფორუმზე გაჟღერებული საკითხები გადაიჭრას ოპერატიულად. ვფიქრობ სახელმწიფო უწყებებს შორის უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია და კოორდინაცია, რომ გარკვეული ეფექტი გვქონდეს. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრება მეწარმეები იძულებული იქნებიან შეაჩერონ წარმოება და გადავიდნენ იატაკქვეშეთში.’’
საკონსულტაციო კომპანია შპს „ჯიდისიაი“-ს წარმომადგენელი ეკა ქიმერიძე განმარტავს, რომ წლების განმავლობაში არარეგისტრირებული მწარმოებლების ფუნქციონირების შედეგად სახელმწიფომ შემოსავლების კუთხით საკმაოდ დიდი დანაკარგი მიიღო და წარმოებული პროდუქტის უვნებლობაც ეჭვქვეშ დადგა. ეკა ქიმერიძეს თქმითვე, კანონის იმ პუნქტში, რომელიც რძის მწარმოებლებს ეხება, ცვლილებები უნდა შევიდეს.
,,კაჭრეთში გამართულ ფორუმზე წარმოვადგინე ჩვენი მუშაობის შედეგად მოპოვებული ფოტომასალები, რომელზეც ასახული მძიმე ფაქტები ხშირად არის გადაღებული არარეგისტრირებულ საწარმოებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოგვარებაში მთავრობამ მიიღოს მონაწილეობა, რადგანამ პრობლემებს მარტო მეწარმეები ვერ მოაგვარებენ. მათ ჭირდებათ დიდი მხარდაჭერა როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობენ. ერთობლივი მუშაობით კი მოგებული დარჩება ყველა და განსაკუთრებით მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულები იქნებიან და ეცოდინებათ რა სახის პროდუქტს ყიდულობენ ბაზარზე.გარდა ამისა, აუცილებელია კანონში საკანონმდებლო ტერმინოლოგიის დონეზე განიმარტოს რა არის არაორგანიზებული წარმოება. ე.წ მცირე და ოჯახური საწარმოები, რომლებიც თვლიან რომ არ უნდაიყვნენ რეგისტრირებულები რადგან ოჯახური წარმოებაა, რეალურად ძალიან ორგანიზებული სახით ყიდიან რძის პროდუქტებს.კანონში ასევე უნდა განისაზღვროს რას ნიშნავს ორგანიზებული და არაორგანიზებული წარმოება.ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს.’’
მეწარმეები შექმნილი პრობლემების მოგვარებას მთავრობას სთხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ მოამზადეს პეტიცია, რომელიც ხელისუფლებას უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. პროექტის “MOLI კახეთში“ ინიციატივით, რომელიც შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება შეიქმნა ასევე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა იმ მიმართულების და უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც დარგის განვითარებაზე მუშაობენ.
„ევროპის ფონდის” პროგრამის უფროსი მენეჯერი, ვახტანგ კობალაძე თვლის, რომ აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ხელს შეუწყობს დაიწყოს რძის წარმოების მიმართულებით ერთობლივი და აქტიური მუშაობა.
,,ამ ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანია ყველასთვის. სურსათის უვნებლობის რეფორმა კი სარგებელს მოუტანს არამარტო მომხმარებლებს, არამედ ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ქვეყანაში. ეს მთლიანობაში სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო. ამ შეხვედრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სურსათის უვნებლობის რეფორმა საჭიროა როგორც მომხმარებლებისთვის,ასევე მეწარმეებისთვის,’’– განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რძის გადამამუშავებელი მეწარმეების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძეს თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და მათ მიერ იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა რაც ამ დარგში არსებობს.
,,ვგეგმავთ რომ შევიმუშავოთ დარგის განვითარების პროგრამა, რომელსაც წარვუდგენთ მთავრობას, მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს და დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ამას მარტო ჩვენი უწყება ვერ მოახერხებს, სხვა უწყებებთანაც ვმუშაობთ ამ საკითხზე და კეთილი ნება არის რომმალე მოვაგვაროთ შექმნილი პრობლემები. ჩემი აზრით, პირველრიგში მთავარია მოგვარდეს ის მსხვილი პრობლემები,რომელიც მეცხოვლეობის დარგშია დაგროვილი.’’
ფერმერთა ფორუმის ინიციატორის, საერთაშორისო ორგანიზაციის HEKS-EPER-ისოფისი სამხრეთ კავკასიაში, პროექტის ,,MOLI კახეთში“ პროექტის მენეჯერის ალექსანდრე ღოღობერიძეს თქმით, შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით აღნიშნული პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება კახეთის რეგიონში, რომლის მიზანია მეცხოველეობით დაკავებულ მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაეზარდოთ შემოსავალი და განავითარონ ცხოვრების დონე გაუმჯობესებული პროდუქციის, მომსახურების, ინფორმაციის, ბაზრის წვდომისა და საარსებო გარემოს საშუალებით.
მისივე თქმით, ფორუმის ჩატარების მიზანი რძის სექტორში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის მოწესრიგება და ზოგადად, ადგილობრივი რძის სექტორის სწორად განვითარება იყო.
,,რძის მწარმოებლებისთვის მოვაწყეთ ბიზნეს ფორუმი, ვისთანაც პროექტი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ არსებული პრობლემები რძის გადამუშავების სექტორში და სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის გადავწყვიტეთ მოგვეწვია ფორუმზე მეწარმეები, სახელმწიფო სექტორი და ის პირები, რომლებიც დაინტერესებულები და ჩართულები არიან ამ პროცესში. ფორუმზე იყო საუბარი იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რის წინაშეც დღეს დგანან მეწარმეები. ჩვენმა პროექტმა საკმაოდ დიდი თანადაფინანსება გააკეთა ამ საწარმოებში, რადგან ისინი აკმაყოფილებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებსდა ეს გაწეული სამუშაო რომ წყალში არ ჩაიყაროს, მათი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა არ დარჩება მარტო შეხვედრად და საწარმოები და ასოციაციები შექნიან სამუშაო გეგმას, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. ამ პრობლემების მოგვარებით კი,საბოლოო ჯამში,მომხმარებელი დარჩებამოგებული. მას საშუალება ექნება ხელი მიუწვდებოდეს ჯანმრთელ და უვნებელ პროდუქტზე. მომხმარებელს ეცოდინება, რომ პროდუქტი, რასაც შეიძენს დამზადებული იქნება რეგისტრირებულ საწარმოში,’’– განაცხადა ალექსანდრე ღოღობერიძემ.