ბლოგები

გიორგის ბიომეურნეობა

 გიორგია ალადაშვილი სოფელ რუისპირში ცხოვრობს.

8 წელი შვეიცარიაში სწავლობდა და ცხოვრობდა, საქართველოდან-მონატრებული სამშობლოდან შორს. ცხოვრობდა, სწავლობდა, შრომობდა…

ცხოვრობდა და ხვდებოდა,  რომ იქაურ ხილს, პურს, ბოსტნეულს გემო არ ჰქონდა და როდესაც არდადეგებზე საქართველოში ჩამოვიდა აქედან ხილი და ბოსტნეული  წაუღო და გაასინჯა მეგობრებს.

 ასე გრძელდებოდა ყოველ წელს. თითქოს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა საქართველოდან ცოცხალი ხილ-ბოსტნეულით ხელდამშვენებული გიორგის დაბრუნება შვეიცარიაში.

„ერთ წელსაც რომ ჩამოვედი ვნახე, რომ ქართულსაც აღარ ჰქონდა ისეთი გემო და ვეღარაფერი წავიღე, რამაც ძალიან დამაღონა და გამაკვირვა. მივხვდი, რომ ვკარგავდით იმ ტრადიციებს, რასაც მამაპაპური მოსავლის მოყვანის ჩვეულება ჰქვია, ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.“- ამბობს გიორგი.

და 8 წლის მერე დაბრუნდა, ჩამოვიდა რომ აღედგინა ძველი ტრადიციები და საქართველოში წამოეწყო მამაპაპური წესებით ყურძნის, ხილის, ბოსტნეულის, ხორბლის მოყვანა. იცოდა, რომ ამას დიდი შრომა სჭირდებოდა, რადგანაც ყველა სამუშაო კეთდება ხელით, მაგრამ უნდოდა, რომ  ქართველი გლეხისთვის ეჩვენებინა როგორ ფასდება ქართული პროდუქტი.

რომ დაბრუნდა მის ოჯახს პატარა ვენახი ჰქონდა. რომ იკითხა როგორ უვლიდნენ ვენახს გაუკვირდა, ქართული ტრადიციებით ვენახის მოშენება-მოვლა აღარავის ახსოვდა, ისეთი ქიმიური ნივთიერებები დაუსახელეს, შეფიქრიანდა. „რატომღაც შაჰ-აბასის პერიოდი გამახსენდა, მერე საბჭოთა მევენახეობა თავისი „დადგენილი“ წესებით“-ამბობს გიორგი.

გიორგიმ დაიწყო ძველი ტრადიციების შესწავლა და თავისი მეურნეობა წარმართა იმ წესებისა და ადათების მიხედვით, რასაც დიდი ხნის წინ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ:  მთვარის ფაზები, ვენახის მოვლა ჭინჭრის ნაყენის, ნიორის, შროშანის, გვიმრას გამოყენებით. ვინც გაიგო, ცოტა ეცინებოდა, რას აკეთებს ეს ბიჭიო, მაგრამ ახლა შუამავლებს უგზავნიან, გვასწავლოს როგორ აკეთებსო, რადგანაც ძვირადღირებული ვენახის მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით, მას აქვს ნაკლები დანახარჯი და  100% შედეგი,  ვენახს არც ჭრაქი გაუჩნდა, არც კვირტის ტკიპა.

მის ბიომეურნეობაში და ოჯახში ყველაფერი უბრალო და სუფთაა. გულკეთილი მასპინძელი ეზოში სუფრაზე რიგრიგობით ალაგებს  ყველს, ხილის ნამცხვარს, მაყვლის, ქლიავის, ლეღვის მურაბებს, სხვადასხვა ხილის ტყლაპებს, თაფლს.

„ხორბლისა და პურის ქვეყანაში ფქვილი შემოსატანია, სირცხვილია. თუ გვინდა ჯანმრთელები ვიყოთ, ვინმე დავაინეტერსოთ და თან სარგებელი გვქონდეს, უნდა ვაჩვენოთ როგორი იყო ტრადიციული საკვები. უკვე ბევრი სტუმარი მოდის სანახავად. ჩვენთან ქართულ ოჯახსაც შეუძლია მოვიდეს და ნახოს, შვილებს აჩვენოს, რას როგორ ვაკეთებთ.“- მეუბნება სიამაყით გიორგი და აგურისგან აშენებული საცხობიდან ცხელ-ცხელ უსაფუარო პურებს ალაგებს, რომელიც მისი თქმით რაც არ უნდა ბევრი ჭამო არ ასუქებს.

გიორგის ბიომეურნეობაში 3 ადამიანია დასაქმებული. პერიოდულად სეზონზე 10 ადამიანს ასაქმებს. ხილის ტყლაპების გაკეთებაში მეზობლის ოჯახიც ჩართო, ბავშვებიც სიხარულით ეხმარებიან და სწავლობენ ქართულ ტრადიციებს. ეზოში მოყავთ შაფრანი, რომელსაც ადრე თურმე საცივში ხმარობდნენ, ახლა  მხოლოდ იმპორტირებული იყიდება და თან ძალიან ძვირადღირებული სუნელია.

ახლა მარანს აშენებს, კირს წვავს, რომ მარნის კედლებიც ძველებური ტრადიციით ამოიყვანოს და შემდეგ ქვევრები ჩაყაროს. გეგმები დიდია, სამომავლოდ საოჯახო სასტუმროს გაკეთებას აპირებს.

უმაღლესი ხარისხი ძველი ტრადიციებით, – ეს გიორგის კრედოა და სწორედ ამით გახდა სამაგალითო ყველასთვის.

წარმატებას, ბევრ მიმდევარს და ბევრი სასარგებლო ტრადიციის აღდგენას  ვუსურვებ მას.

ქართული ხორბლის ფქვილით ახლადგამომცხვარი პურის სურნელს კი ახლაც ვგრძნობ მისი ეზოდან. თქვენც?