გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, თვის ბოლოს გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. 15,5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირების და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება.
„15,5 კილომეტრი შემოვლითი გზის მშენებლობა გახლავთ ჩვენი სივრცითი მოწყობის გეგმის განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შიდა გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ისე მნიშვნელოვნად განტვირთავს რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ, ბევრი ინციდენტი, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების ხელმოწერა”, –განაცხადა კვირიკაშვილმა.
პროექტის ღირებულება 38 მილიონი ლარია. გზის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
სოფელ ბაკურციხის მაცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია აუცილებელია დასახლებული პუნქტის გადატვირთული სატრანზიტო მოძრაობისგან განთავისუფლებისა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პროექტის შესახებ უკმაყოფილებას ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოთქვამდა. ბაკურციხეში, სადაც შემოვლითმა გზამ უნდა გაიაროს, დასაწყისშივე ორი საერთო საცხოვრებელია, ე.წ. „მეურნეობის ბინები”. ორივე შენობა მოძველებულია, სადაც 36 ოჯახი ცხოვრობს. ისინი შიშობენ, რომ თუ ცენტრალური მაგისტრალი შენობებთან ახლოს გაივლის, სახლებს დანგრევის საფრთხე დაემუქრება.
საერთო საცხოვრებლებში დასახლებულები ითხოვენ, რომ სხვა ადგილას დაასახლონ, ან საცხოვრებელი სახლების შესასყიდად მისცენ კომპენსაცია საბაზრო ფასების მიხედვით.
„აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ველოდებით, როდის დაიწყება სამუშაოები. საცხოვრებელი სახლებიც ძვირდება, კომპენსაციის გადახდასაც აგვიანებენ. სახლებიც გაძვირდა, სარემონტო ბინებს 30 ათას დოლარს აფასებენ. როგორ უნდა შევიძინოთ. ამასთან, არც ჩემს ოჯახს და არც ჩემს მეზობლებს ჩვენი საცხოვრებელი სახლებიდან წასვლა და სხვაგან დასახლება არ გვინდა, თუმცა სხვა გამოსავალიც არ გვაქვს“,- განაცხადა ბაკურციხის მაცხოვრებელმა ოლიკო ქიტოშვილმა.
საგზაო დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის, მარიამ ბეგიაშვილის ინფორმაციით, უკმაყოფილო არავინ დარჩება.