გიორგი კვირკაშვილი – რთველი 2016 წარმატებული იყო
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ”რთველი 2016” წარმატებული იყო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კახეთში რთველში 178-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.
„კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირების და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა სწორი სტიმულირება მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით“, –განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ვენახების ფართობი და ამავე დროს ხარისხს, ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება.
„ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მახარებს, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან თანდათან იკრებს ძალას და ევროპის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა გადის ექსპორტზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი, სადაც მიღწეულია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტი უპრცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.