სტატიები

კაჭრეთში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ღონისძიება „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ და კოლეჯ „აისის“ ინიციატივით ჩატარდა. პროფესიული სასწავლებლის ეზოში გაიმართა ღია გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ფერმერმა ქალებმა გამოიტანეს სოფლის პროდუქტები, ტრადიციული რეწვის ნამუშევრები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. 
როგორც „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირინე ფხოველიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს სოფლის გაძლიერებას.
,,მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება ფერმერებისთვის, რადგან ამით საშუალება გვეძლევა, გამოვიტანოთ ჩვენი პროდუქტები და წარვუდგინოთ საზოგადოებას, გავეცნოთ ერთმანეთს, გავაქტიურდეთ და სხვა. 2012 წელს, როცა პირველად დავიწყეთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, მარტო ფერმერი ქალები ვმონაწილეობდით, ახლა კი შემოქმედებითი კუთხით მომუშავე ქალებიც შემოგვიერთდნენ. მათ გამოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და გააცნეს საზოგადოებას. სოფელი არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა და ოჯახში ტრიალი, სოფელი სწორედ აი ამ ქალების მხრებზეა დამდგარი. ჩვენი ასოციაციის დევიზია ,,ძლიერი ფერმერი, ძლიერი სახელმწიფო, ჯანმრთელი მომავალი თაობა“ და ეს დღეც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას“,– განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „ფერმერი ქალები სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“. როგორც გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ეკონომიკურმა ექსპერტმა პაატა გიორგაშვილმა განაცხადა, მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან სოფლად მცხოვრები ქალების შრომა ფასდება და ამავე დროს ეკონომიკურ საქმიანობაში მათი ჩართულობა თანადათან იზრდება. 
,,რამდენიმე წელია გაეროს ერთობლივი პროგრამა ,,გენდერული თანასწორობისთვის‘’ აღნიშნავს სოფლად მცხოვრები ქალების დღეს, ეს ტრადიციულად ყოველთვის კახეთში აღინიშნება. მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა საქართველოში იმიტომ რომ სოფლად მცხოვრები ქალების შრომის დაფასება ხდება. დღითიდღე როგორც ქალაქში ასევე სოფლებში, ქალების როლი და ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში იზრდება, ეს იქნება საოჯახო მეურნეობა, მცირე ფერმა თუ დიდი წარმოება. მათ აქვთ ამბიცია, რომ მეტი დოვლათი შექმნან ქვეყანაში, რაც ნამდვილად მისასალმებელია’’,– განაცხადა პაატა გიორგაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურების გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქალების გააქტიურებას სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა შეუწყოს ხელი.
,,მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაში არამარტო კახელი, არამედ სხვა რაიონებიდან ჩამოსული ფერმერი ქალებიც იღებენ მონაწილეობას. მსგავსი ღოისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნობის განვთარებას, განსაკუთრებით კი ქალების გააქტიურებას. მე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ მათ გარეშე სოფელი ვერ განვითარდება. დამალულ ენერგიას, რაც არის ქართველ ქალებში ჩაბუდებული, სჭირდება განსაკუთრებული ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოოპერატივების ხელშეწყობის კუთხით სპეციალური პროგრამები შეიმუშავა, უკვე 4 000 ქართველი ფერმერი ქალი კოოპერატივების წევრია და მათი კოოპერატივები სხვებისგან გამოჩეულია’’,– აღნიშნა გალეგაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები.