ლაგოდეხში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
როგორც knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
„ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – განაცხადეს შსს-ში.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.