ახალი ამბები

საგარეჯოს ორი სოფლის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა „კახეთის ხმას“ დაუდასტურა, რომ სოფელ თულარის და ლამბალოს თემში გამგებლის წარმომადგნლებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს და მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

„სოფელ ლამბალოდან მაჰმუთ ალიევმა, ხოლო თულარის გამგებელმა ზაურ ალიევმა დაწერეს განცხადება, მათზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“, – განაცხადა გზირიშვილმა.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კაზამფარ მამედოვის მტკიცებით, თემში გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობიდან არჩევნებში ზეწოლის გამო გაათავისუფლეს. 
„სოფლის გამგებლებს დაავალეს, რომ არჩევნებში მათ ხმების 80% ქართული ოცნების სასარგებლოდ უნდა მოიტანონ. იმის გამო, რომ ამ გამგებლებმა ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი უთხრეს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს“, – ამბობს მამედოვი და საარჩევნო კამპანიის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
მამედოვის განცხადებით, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი და მათი მომხრეები ხელს უშლიან, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოოს. „სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობაზე ხდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის და მისი მხარდამჭერების მხრიდან. ხალხსა შინებენ, რომ თუ ხმას არ მოგვცემთ, პენსიას მოგიხსნითო. იორმუღანლოს თემის ორი სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ ვერ შეპირდნენ ბევრი ხმის მოტანას ოცნების სასარგებლოდ. ოცნების აქტივისტები დადიან და ფულს არიგებენ კარდაკარ. აგრეთვე,საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს ხელს გვიშლიან“, – აღნიშნა მამედოვმა.