პანკისის ხეობაში მოსახლეობის ინფორმების დონე მაღალია
ხეობის მცხოვრებლების განცხადებით, მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ეთერ ციხესაშვილი:
,,ჩვენს ხეობაში მცხოვრები ქალების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირება მუდმივად ხდება. ოჯახში თუ სხვა წევრს ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვიცით, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.“
მედეა ბორჩაშვილი:
,,პანკისელი ქალი საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულია. ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე უპირატესობას მამაკაცებს ვანიჭებთ ოჯახში, თუმცა მე შემიძლია, ხმა მივცე სხვა კანდიდატს და ჩემმა მეუღლემ – სხვას. ვიცი, რომ ჩემი არჩევანი თავისუფალია და ოჯახში არ მექნება ამ კუთხით დაბრკოლება, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ინფორმირებულები არიან.’’
ბელა მუთოშვილი:
,,ხეობაში არ ხდება, რომ ვინმე არჩევნებზე არ წავიდეს, მათ შორის ქალები. ვაპირებ და მივდივარ არჩევნებზე და ვალდებულიც ვარ, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩვენ, ქალებს ჩვენი მოსაზრება და არჩევანი გვაქვს, ვხედავთ, გვესმის, ვარჩევთ კარგსა და ცუდს – რა კეთდება და არა. საპარლამენტო არჩევნებზე ყველა საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.’’
ოსმან ალხანაშვილი:
,,ყველა სოფელშია პრობლემა. ჩვენს სოფელში წყალი ხან მოდის, ხან არა და ისიც სასმელადაც არ ვარგა. გვპირდებიან, მოგიგიგვარებთ ყველა საკითხსო და ჯერ არავინ მუშაობს ამ საკითხზე. არ ვიცი წავალ თუ არა არჩევნებზე, მაგრამ სამომავლოდ უკეთესობის იმედი მაქვს.“
ერმალო ბაღაკაშვილი:
,,ეს მთავრობა გამოსაცვლელია, არაფერი გააკეთეს ამდენი წელი. სამუშაო ადგილები არ არის და ძროხებში დადის ხალხი და ამით ირჩენენ თავს. არც საძოვრებია სოფელში. უნდა მოგვიმატონ პენსიები და დასაქმების საშუალება უნდა იყოს. ვაპირებ წავიდე არჩევნებზე. ვისაც დავინახავ რომ ამ პრობლემების მოგვარება უნდა იმას დავუჭერ მხარს.’’
ოსმან ბორჩაშვილი;
,,აუცილებლად წავალ არჩევნებზე და სასურველ კანდიდატს მივცემ ხმას. წინასაარჩევნოდ რაც შეხვედრები იყო დავესწარი, მოვუსმინე კანდიდატებს და მათ დაპირებებს.’’