საგარეჯოში გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა
კანდიდატებმა საკუთარი ხედვა ეკონომიკური განვითარებაზე, დასაქმებაზე, შრომით უფლებებსა და საგარეო პოლიტიკურ კურსზე წარმოადგინეს და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
როგორც knews.ge-ს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ქეთი სიბაშვილმა განუცხადა, შეხვედრის მიზანს საარჩევნო საკითხებზე, დეპუტატობის კანდიდატების სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. მისივე თქმით, საჯარო დებატები ხელს უწყობს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
,,მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატობის კანდიდატებმა თავიაანთი საარჩევნო პროგრამების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამით ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით. საარჩევნო მედია ცენტრების მიზანიც ეს არის, რომ მოქალაქეებს, არასამთავრობო სექტორს, ჟურნალისტებს, მაჟორიტარ კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ისარგებლონ უსაფრთხო და ნეიტრალური სივრცით ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის’’,–განუცხადა knews.ge-ს ქეთი სიბაშვილმა.
შეხვედრის ფასილიტატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ზურა მირზიკაშვილის განმარტებით, მსგავს საჯარო შეხვედრებში საარჩევნო სუბიექტების და საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას.
,,მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სივრცეები, სადაც შესაძლებელია კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა. სამწუხაროა, რომ არიან კანდიდატები, რომლებიც არ მონაწილეობენ მსგავს დებატებში, რაც ხელს უშლის შემდეგ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. აუცილებელია, ამ პროცესში ბევრი კანდიდატი და პარტია იყოს ჩართული და ისინი არ შემოიფარგლონ მხოოდ ქუჩის აქციებით. მსგავს შეხვედრებზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დეპუტატობის კანდიდატებს დავუსვათ ზუსტად ის კითხვები, რომელიც მათ კომპეტენციაში შედის. ქუჩის აქციებზე კანდიდატები ხშირად გასცემენ ისეთ დაპირებებს, რაც მათი კომპეტენცია არ არის და შეხვედრებზე ეს მინიმუნამდეა დაყვანილი’’,– განუცხადა Knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCCESS) ფარგლებში.