“ხმა მიეცით თანასწორობას” – თელავში საინფორმაციო აქცია ჩატარდა
აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს დაურიგეს სპეციალურად მომზადებული ბუკლეტები და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს სტიკერები.
აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება პოლიტიკაში ქალების ჩართულობისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ. აქტივისტების განცხადებით, პოლიტიკური პარტიები ქალებს გააქტიურების საშუალებას არ აძლევენ. მათი აზრით, ქალების მმართველ თანამდებობაზე ყოფნა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
,,თუ ადამინებს სურთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს და უკეთეს პირობებში იცხოვრონ, მაშინ ქვეყნის მართვაში მეტმა ქალმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ქალის უფლებაა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდეს და ამ უფლების წართმევა დანაშაულია’’,– განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი ელდარ ჩილიევი მხარს უჭერს ქალ კანდიდატს, თუმცა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ის რეგისტრირებულია, არც ერთ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არ ჰყავს დასახელებული.
,,ქალს მე მხარს აუცილებლად დავუჭერ რადგან უფრო აქტიური და ჭკვიანია. მას შეუძლია პრობლემების ადვილად მომოგვარება, ბევრ მამაკაცს კი ეს არ შეუძლია’’, – აღნიშნა ელდარ ჩილიევმა.
თელაველი მაია ლაღიაშვილიც მხარს უჭერს გენდერულ ბალანსს საქართველოს პარლამენტში.
,,მე მგონია, რომ უფრო ჭკვიანები ვართ. ქალებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ ბევრი კუთხით. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ პოლიტიკაში ქალებიც და კაცებიც თანაბრად იქნებიან’’, – განაცხადა ლაღიაშვილმა.
აქცია პროექტის „ხმა მიეცით თანასწორობას” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისaთვის” აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემის საერთასორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით,
გაიმართა საქართველოს 8 ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში.