კახეთის საჯარო სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
CENN-ის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობით საჯარო სკოლებსა და ადგილობრივ თემებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიებსა და 4R პრინციპების დანერგვაში.
“მოცემული გრანტი მხარს დაუჭერს საშუალო სკოლების მოსწავლეებისა და ეკო-კლუბების მიერ ნარჩენების ინოვაციურ მართვასა და 4R კონცეფციის დანერგვას. საგრანტო განაცხადის წარმდგენი არის სკოლის ადმინისტრაცია, რომელმაც უნდა მიუთითოს სკოლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საბანკო ანგარიში და დირექტორის სახელი. საგრანტო განაცხადის წარმდგენი იმოქმედებს, როგორც შუამავალი რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების პროექტსა და ჩართულ მოსწავლეებს შორის. მოსწავლეები შეავსებენ აპლიკაციის ფორმას, აღწერენ მცირე გრანტების კონცეფციას წარმოდგენილი პროექტების მიზნებისა და ამოცანების მითითებით, განსაზღვრავენ მოსალოდნელ მაილსთოუნებს (პროექტის საეტაპო მიზნებს) და პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის გზებს. გრანტის პერიოდი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან სამი თვის ვადით”, – განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან 3-7 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებს, ასევე, სკოლებში არსებული ეკო-კლუბების წევრებს. თითოეული გრანტის საერთო რაოდენობა არ აღემატება 1,400 ლარს. პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა 10 გრანტი.
“შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება საგრანტო წინადადებებს, რომლებიც: აჩვენებენ პროექტის მდგრად განვითარებას, ინოვაციურ მიდგომას, კოალიცურ ინიციატივებს (რამდენიმე სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა) და შეუძლიათ მეტი გავლენის მოხდენა. უზრუნველყოფენ გენდერულ ბალანსს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ჩართულობას”, – აღნიშნეს CENN-ში.
ICMA (International City/County Management Association) არის ერთ-ერთი წამყვანი ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერობისა და მართვის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1914 წელს. მისი მისიაა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება მთელს მსოფლიოში ადგილობრივი მმართველობების პროფესიული მენეჯმენტის მხარდაჭერისა და შემუშავების გზით.