სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ
2. კითხვა: რას ნიშნავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება?
პასუხი: აუქციონზე ქონების განკარგვა წარმოადგენს ქონების გასხვისების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომლის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის მეშვებით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტ გვერდზე: www.privatization.ge და ვებ-გვერდზე www.eauction.ge რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. კითხვა: რა დოკუმენტებია წარმოსადგენი დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე შესაძენად?
პასუხი: დაინტერესებულმა პირმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს მის დაინტერესებაში არსებული ქონების ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და წარმოადგინოს აზომვითი ნახაზი. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან დაამზადონ და სამინისტროს წარმოუდგინონ მიწის (მიწების) ნაკვეთის დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები) და მათ მიერ მოკვლეული ინფორმაცია მიწის კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე.
4. კითხვა: რა ფორმით და როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა აუქციონში მონაწილეობა ? რა დროს ნახევრდება ქონების საწყისი ფასი აუქციონის განმეორებითი გამოცხადების შემთხვევაში?
პასუხი: სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, როცა მისი შემძენი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციასთან და კონკრეტულ ლოტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
5. კითხვა: რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონებისსრული საპრივატიზებო საფასური და რა ვადაში ახდენს სამინისტრო აუქციონშიგამარჯვებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას?
პასუხი: ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს იმ ვადაში, რომელიც მითითებულია კონკრეტულ საპრივატიზებო ლოტზე. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ–ის მთავრობის შეხედულებებს.