ეთნიკური უმცირესობების გაუცნობიერებელი არჩევანი
კახეთის რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ამ დრომდე არ იციან რა საარჩევნო უფლებებით სარგებლობენ, ვინ არიან დეპუტატობის კანდიდატები, და რა პრობლემების მოგვარება უნდა მოსთხოვონ პარლამენტში მათ წარმომადგენელს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორუღანლოში მცხოვრებმა გურბან ყურბანოვმა იცის, რომ 8 ოქტომბერს არჩევნებია, თუმცა ინფორმაციას არ ფლობს, რომ მან უნდა აირჩიოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. ის მხოლოდ იმის შესახებ არის ინფორმირებული, რომ ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს უნდა მისცეს.
,,ჩვენ ყოველთვის მთავრობას ვაძლევთ ხოლმე ხმას. უცხომ რომ გვითხრას მოდით და მე დამიჭრეთ მხარიო, არ მივცემთ ხმას. მე პენსიონერი ვარ, ფულს მთავრობა მაძლევს და მას მივცემ ყოველთვის ხმას. დეპუტატი კი რომელიც ახლა მოვა ხალხს ხშირად უნდა შეხვდეს რომ გაიგოს ჩვენი პრობლემების შესახებ. თუ არ მოვა ჩვენ მას ვერ მივაწვდენთ ხმას’’,– ამბობს იორმუღანლოს მკვიდრი გურბან ყურბანოვი.
იორმუღანლოელი ალასკარ გულიევი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ საბაზისო დონეზეც კი არ იცის ქართული ენაზე წერა და საუბარი, ამიტომ ის არჩევნებში არასოდეს არ მონაწილეობს. გულიევი მიუთითებს, რომ თუ ქალები არჩევნებზე წასვლას გადაწყვეტენ, ოჯახის უფროსის მითითებით აკეთებენ არჩევანს.
,,ჩვენი ქალები არ დადიან არჩევნებზე, რადგან მათმა დიდმა ნაწილმა ქართული წერა–კითხვა არ იცის. თუ მიდიან ჩვენც მივდევთ და ვუხსნით ხოლმე ვინ უნდა შემოხაზონ.’’
აზიზ რაფან ზალილოვი კი აპირებს საკუთარი აზრი დააფისიროს 8 ოქტომბრის არჩევნებზე, თუმცა არცერთი პარტიის დეპუტატობის კანდიდატს და საარჩევნო პროგრამას არ იცნობს. ის ამბობს, რომ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც სოფელს საძოვრების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების გარანტიას მისცემს.
,,მთავრობამ მოგვატყუა, ხმა მივეცით და პრობლემების მოგვარებაში არ მოგვეხმარა. ჩვენთვის ძირითადი პრობლემა საძოვრების არ არსებობაა, მთელი მიწები ირანელებმა იყიდეს და ჩვენ არაფერი დაგვრჩა. შემოღობეს ადგილები და არ გვიშვებენ. ამის გამო დიდი პრობლემები გვექმნება, რადგან ჩვენი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა, ამით ვირჩენთ თავს. ვინც ამ პროლემების მოგვარებას დაგვპირდება, იმას მივცემთ ხმას’’,– ამბობს აზიზ რაფან ზალილოვი.
საარჩევნო პროცესებში უმცირესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველი არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია, ეთნიკურ უმცირესობებისათვის ბიულეტენები და სხვა საარჩევნო მასალა დაიბეჭდოს მათ მშობლიურ ენაზე.
,,აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომზადდეს არა მარტო საარჩევნო–სააგიტაციო მასალები, არამედ ნორმატიული აქტებიც. ამ შემთხვევაში კომისიის წევრები და არჩევნების პროცედურებში ჩართული პირები შეძლებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ამ მასალების წაკითხვას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ხმის მიცემით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. მნიშნელოვანია სოფლებში ადგილზე შეხვედრები, იმიტირებული საარჩევნო პროცედურების გავლა ახალგაზრდებში, საარჩევნო მასალების დარიგება და სხვა მსგავსი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება“, – აღნიშნავს მარეხ მგალობლიშვილი.