ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატების შეხედულებები
კანდიდატები უამრავ თემაზე საუბრობენ, თუმცა საინტერესოა რა შეხედულება აქვს თითოეულ მათგანს ერთსა და იმავე საკითხზე და მათი შეფასებით, რომელია ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თელავში. პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნებიდან” თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი უმთავრეს პრობლემად დაწყებული პროექტების განუხორციელებლობას ასახელებს და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს სოციალური პროგრამების დახვეწაზე.
“ჩემი უმთავრესი მიზანი და დანიშნულება აღნიშნული პრობლემების სრულფასოვნად მოგვარებაა. ამ მიზნების მისაღწევად კი უამრავი საშუალება და გზა არსებობს. დეპუტატს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით შეუძლია ბევრი სიკეთე და სარგებელი მოუტანოს მოსახლეობას”, – აცხადებს ირაკლი სესეიაშვილი. წყალმომარაგება, მოუწესრიგებელი ქუჩები, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, სანიაღვრე არხები, სამხედრო დასახლება, მაღალსართულიანი კორპუსები, – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაზეც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატი აკეთებს აქცენტს. გიორგი ბოტკოველი სამხედრო დასახლების მაცხოვრებლების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და ირწმუნება, რომ საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
“ჩემი გამარჯვების შმთხვევაში სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა ადამიანს დავეხმარები, რომ დაიბრუნონ თავიანთი სახლები, საიდანაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ნაცვლად ბინების დარიგებისა, გამოასახლა და ღია ცის ქვეშ დატოვა ადამიანები. მე კარგად მესმის, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის და დეპუტატის კომპეტენცია, რომ ეს საკითხი უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ დეპუტატის მოვალეობა პარლამენტში უსაქმურად ჯდომა როდია. სწორედაც, რომ მას შეუძლია, გაუწიოს შუამავლობა მოსახლეობას მათთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში”, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.
პოლიტიკური მოძრაობის “პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის” დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აქილვესის ქუსლი ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაა. გალახვარიძე თელავში არსებულ ყველა პრობლემას აღნიშნულ საკითხს უკავშირებს.
“ჩვენი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ არ ვადგენთ ქალაქის პროგრამულ განვითარებას, რომელიც საბოლოოდ სწორედ პროგრამულ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. მეორე უდიდესი პრობლემა ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგებაა. რატომ არ აქვს თელავს წყალი ყოველდღიურად? ეს უკვე მენეჯმენტის პრობლემაა, რომლის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თელავის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მიეწოდებოდეს წყალი. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოუწესრიგებელი გზებია, რომელიც მუდმივად გათხრილია და არ ხდება დროული რეაბილიტაცია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტში გვრჩება თანხები. გასულ წელს ერთი მილიონი ლარი დარჩა თემს და ერთი მილიონი ლარი ქალაქს და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ განსახორციელებელი პროექტები არ ჰქონდათ. განსაკუთრებით დიდი პრობლემად რჩება სოციალურად დაუცველთა დახმარება.ჩვენთან რელურად არაფერი არ კეთდება, გარდა ფულისა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოჩვენებითია. ჩვენ ზოგადად არ გვაქვს თვითმმართველობა არა მარტო თელავში, არამედ საქართველოში“, – აღნიშნავს ვანო გალახვარიძე.
პარტია “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი უმთავრეს პრობლემად გამოყოფს 24 საათიან წყალმომარაგებას. გელაშვილი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თელავსა და ყვარელში მოუწესრიგებელი გზების, გაზიფიცირების და კლანური მმართველობის პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრება.
“არ შეიძლება, რამდენიმე პირმა მიიღოს გადაწყვეტილება და მოსახლეობის აზრი უგულებელყოს. უყურადღბობასა და გულგრილობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ გაწყვეტილია კომუნიკაცია ხალხსა და ხელისუფლებას შორის. უსამართლობაა ისიც, როცა პრემიას იღებს თანამდებობოს პირი და ამ დროს ამდენი სოციალარუდ დაუცველი და უსახლკარო ადამიანია”, – აცხადებს გელა გელაშვილი.
პრობლემებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს “ლეიბორისტული პარტიის” დეპუტატობის კანდიდატს. აკაკი ჯიყაშვილი მთავარ პრობლემად დასაქმებას ასახელებს. ჯიყაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამხვილეოს ინფრასტრუქტურისა და გარემოვაჭრეების საკითხის მოწესრიგებასა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.
“არავინ იცის, რა ბედი ელის არჩევნების შემდეგ გარე მოვაჭრეებს. სასწრაფოდ უნდა მიეხედოს ახალგაზრდობის ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში და პრემიების დანიშვნის ნაცვლად, ხელისუფლება საქმის კეთებით უნდა დაკავდეს. მიზანს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ საბანკო რეფორმა გატარდება მას შემდეგ, როდესაც გაუქმდება ონლაინ სესხები და ბანკებს საკანონმდებლოდ დავავალდებულებთ მაქსიმუმ 7–8 პროცენტში გასცენ სესხები. უნდა მოვიძიოთ ინვესტორები, შვქმნათ ბიზნესისთვის შესაბამისი გარემო, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. უნდა ვიზრუნოთ აზიის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით გატანაზე, რადგან იქ არის ამის მოთხოვნა”, – ამბობს კაკი ჯიყაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კევლიშვილი კი ყველა პრობლემას შერჩევით სამართალს უკავშირებს. „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი –გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელს გოჩა მამაცაშვილს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავუკავშირდით.